40 ათასი წლის წინ ჩვენ ადამიანის ერთადერთი სახეობა არ ვიყავით, რომელიც ევროპაში ბინადრობდა — იმ დროს კონტინენტზე ჰომო საპიენსების გარდა მინიმუმ კიდევ სამი სახეობა იყო. ბევრ ჩვენგანს მათგან ერთ-ერთზე მაინც — კერძოდ, ნეანდერტალელებზე — მრავლად სმენია. ჩაფსკვნილი აღნაგობითა და გამოზნექილი შუბლით გამორჩეულ ამ სახეობასთან ჩვენ საოცრად ბევრი საერთო გვქონდა და ისინი 300 ათასი წლის განმავლობაში თითქმის მთელ ევროპაში იყვნენ განსახლებულნი.

ნეანდერტალელების არსებობის მტკიცებულება 28 ათასი წლის წინ გაქრა, რითაც ჩვენ მათი გადაშენების სავარაუდო თარიღი დავადგინეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ 200 ათასი წლით უფრო დიდხანს იარსებეს, ვიდრე ჩვენ, ჰომო საპიენსებს გვიარსებია დღევანდელ დღემდე.

ნამარხები გვაჩვენებს, რომ ბოლოსკენ ბევრი მათგანი ისეთ ადგილებში ცდილობდა გადარჩენას, როგორიც გიბრალტარია პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთში. ამ ტერიტორიაზე ნაპოვნ ნამარხებზე ჩატარებული ახალი კვლევებით ვიგებთ, რომ ნეანდერტალელები იმაზე მეტად ჰგავდნენ თანამედროვე ადამიანს, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.

ამ აღმოჩენის გამო 2016 წელს გიბრალტარმა იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. განსაკუთრებულ ინტერესს ოთხი დიდი გამოქვაბული იწვევს. სამი მათგანი ჯერ წესიერად გამოკვლეული არც არის, თუმცა ერთი, გორამის გამოქვაბული, ყოველწლიური გათხრების ადგილია. "ისინი უბრალოდ გადარჩენას არ ცდილობდნენ", — ამბობს გიბრალტარის მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების დირექტორი, კლაივ ფინლეისონი გამოქვაბულის უძველესი ბინადრების შესახებ.

"ეს გამოქვაბული ნეანდერტალელებისთვის ქალაქივით იყო", — გვიყვება ის, — "ევროპის სხვა ადგილებთან შედარებით, აქ ნეანდერტალელების ყველაზე დიდ რაოდენობას ჰქონდა თავი მოყრილი". მათი რიცხვი, შეიძლება, სულ რაღაც ათეულობით ინდივიდს ან რამდენიმე ოჯახს უტოლდებოდა, თუმცა ესეც დიდი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, გენეტიკური მონაცემების მიხედვით, ნეანდერტალელები "ბევრ პატარ-პატარა სუბპოპულაციად" ცხოვრობდნენ.

ნეანდერტალელები ზოგიერთ თანამედროვე ინტერპრეტაციაში ჟღალი თმითაც არიან წარმოდგენილნი.

ფოტო: Alamy

გიბრალტარმა არქეოლოგების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც იქ 1848 წელს ზრდასრული ნეანდერტალელის თავის ქალა აღმოაჩინეს. მას შემდეგ კიდევ შვიდი სხვა ნეანდერტალელის ძვლები იპოვეს. ამასთან, აღმოაჩინეს არაერთი არტეფაქტი — იარაღი, ცხოველთა ნაშთები და ნიჟარები — რომელთაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ.

გორამის გამოქვაბულის შიგნით მიწის რამდენიმე ფენაა. თითო ფენა ისტორიის შესაბამისი დროის შესახებ გვიყვება. ამ ფენებში აღმოჩენილი ნამარხებით ვიგებთ, რომ გიბრალტარელი ნეანდერტალელები 100 ათასი წლის განმავლობაში გამოქვაბულს ხან ტოვებდნენ და ხანაც შიგნით სახლდებოდნენ.

მიწის ერთ-ერთ შრეში აღმოჩენილი ნამარხები გვეუბნება, რომ ნეანდერტალელებს გიბრალტარის რეგიონში სულ რაღაც 24-33 ათასი წლის წინათაც კი ჰქონდათ ფეხი მოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონი ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, სადაც ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ.

ისინი, შეიძლება, ერთ დროს მიმდებარედ, სანაპირო ზოლშიც სახლობდნენ, თუმცა ბოლო 30 ათასი წლის განმავლობაში წყლის დონემ მკვეთრად მატება დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა ნამარხი ახლა წყლით არის დაფარული. "გაგვიმართლა, რადგან გიბრალტარმა თავისი მაღალი კლდეების წყალობით შემოგვინახა ნამარხები", — ამბობს ფინლეისონი. ის ამ გამოქვაბულებს მრავალი წელია, რაც თავის ცოლთან, ჯერალდინთან და ვაჟთან, სტიუარტთან ერთად თხრის — ისინი სამივენი მეცნიერები არიან.

გორამის გამოქვაბულის წინა ნაწილი შედარებით გახსნილი არის — იქ მზის სინათლე მარტივად აღწევს და შიგნიდან ზღვაზე იშლება ხედი. თუმცა გამოქვაბულის უკანა მხარე ბნელია და რამდენიმე ნაწილად იტოტება. გამოქვაბულები გრილია ზაფხულში და ოდნავ თბილი ზამთარში — ეს პირობები მათ დასასვენებლად და საშიში მტაცებლებისგან თავის ასარიდებლად იდეალურ თავშესაფრად აქცევს.

გიბრალტარის მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების დირექტორი, კლაივ ფინლეისონი ამბობს, რომ გორამის გამოქვაბული ნეანდერტალელებისთვის საცხოვრებლად ერთობ ხელსაყრელი ადგილი უნდა ყოფილიყო.

ფოტო: BBC Earth

ახლო ნათესავები

ამ სახეობის სხვაგან მობინადრე წარმომადგენლების მსგავსად, აქ მცხოვრები ნეანდერტალელები რეალურად მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ჩვენს წარმოდგენაში დახატული არსებებისგან. თანამედროვე ადამიანის გადმოსახედიდან ისინი უხეში, ჩაფსკვნილი, პრიმიტიული ქმნილებები იყვნენ, რომელთაც საკომუნიკაციოდ მხოლოდ ლუღლუღი შეეძლოთ და უცხოს მოახლოებისთანავე კომბლებს მიწაზე აბრახუნებდნენ.

სინამდვილეში, როგორც კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარმა, პაოლა ვილამ თავის კვლევაში აღწერა, ისინი მრავალი ასპექტით ჩვენნაირები იყვნენ. მკვლევარი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, "თანამედროვე ადამიანის უპირატესობის კომპლექსი" მოვიშოროთ, რაშიც გენეტიკური კვლევები დაგვეხმარება. ჩვენ და ნეანდერტალელებს არათუ დნმ-ის 99.5% გვაქვს საზიარო, არამედ, ამასთან, უშუალოდ მათ რამდენიმე გენსაც კი ვატარებთ.

ეს იმიტომ, რომ როდესაც აფრიკიდან ევროპაში გადავედით, ნეანდერტალელებს არაერთხელ გადავაწყდით და ჩვენი ორი სახეობა შეჯვარდა. აფრიკის გარეთ მცხოვრები ყველა ინდივიდი ამ პრეისტორიული შეჯვარების კვალს დღემდე ატარებს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანებს, საერთო ჯამში, დნმ-ის 20% ნეანდერტალელების აქვთ.

გორამის გამოქვაბულის აღმოჩენები ბევრი მსგავსი ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება — განსაკუთრებით კი დედამიწაზე მათ მიერ გატარებული ბოლო წლების შესახებ. მაგალითად, გამოქვაბულში ნაპოვნი ნამარხებით ვიგებთ, რომ ისინი ზღვის პროდუქტებით იკვებებოდნენ. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ნეანდერტალელებს ცურვა შეეძლოთ. ჩვენ უკვე იმის მტკიცებულებაც კი გვაქვს, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები დელფინებზე ნადირობდნენ. ისინი, ამასთან, ისეთი დიდი ძუძუმწოვრების ხორცსაც მიირთმევდნენ, როგორებიც ბეწვიანი მამონტები, ბეწვიანი მარტორქები და მთის ველური თხები იყვნენ.

გიბრალტარში ნაპოვნი ნეანდერტალელის შემონახული თავის ქალა, რომელიც ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმშია დაცული.

ფოტო: Getty Images

გორამის გამოქვაბულში 150-ზე მეტი სახეობის ფრინველის ნარჩენებიცაა აღმოჩენილი. ბევრ მათგანს კბილის და დანის კვალი ატყვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეანდერტალელები მათ საკვებად იყენებდნენ.

მკვლევრებს იმის მტკიცებულებაც აქვთ, რომ ისინი ისეთ მტაცებელ ფრინველებზეც კი ნადირობდნენ, როგორიც მთის არწივი და სვავია. ჩვენ არ ვიცით, რა ფორმის იყო ეს ნადირობა. ისინი, შესაძლოა, ხორცს ულაგებდნენ ხაფანგად და თავდასხმისთვის შესაფერის დროს ელოდებოდნენ ან სულაც აქტიურად ნადირობდნენ ამ ფრინველებზე, რაც, წესით, უფრო რთული უნდა ყოფილიყო. თუმცა ის კი ვიცით, რომ ნეანდერტალელები ყველა მონადირებულ ფრინველს არ ჭამდნენ, რადგან ზოგი მათგანი მჟავათი იყო სავსე.

"დანის კვალი ხშირად ატყვია ფრთის ძვლებს, სადაც ხორცი ნაკლებადაა. როგორც ჩანს, ისინი ფრინველებზე ზოგჯერ იმისთვის ნადირობდნენ, რომ მათი ბუმბული ტანსაცმლისთვის ან სამკაულად გამოეყენებინათ", — გვიყვება კლაივ ფინლეისონი. როგორც კვლევებით ვიგებთ, მათთვის ის ფრინველები მეტად ფასობდნენ, რომელთაც შავი ბუმბული ჰქონდათ. დიდი შანსია, რომ ნეანდერტალელები ფრინველებს ოსტატურად ატყავებდნენ და ბუმბულისგან მიღებულ მოსასხამს მხრების გარშემო იხვევდნენ.

ნეანდერტალელები სვავებს, სავარაუდოდ, დეკორაციისთვის განკუთვნილი ბუმბულებისთვის იჭერდნენ.

ფოტო: BBC Earth

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთზე მიუთითებს: ნეანდერტალელები კულტურულ სიმბოლოებს ცნობდნენ და აფასებდნენ. მათ შემოქმედებითი და აბსტრაქტული აზროვნება ჰქონდათ, რადგან ამ უნართა გარეშე ისინი მფრინავი ცხოველის დეკორატიულ მოსასხამად გადაქცევისთვის საჭირო ძალისხმევას ვერაფრით გამოიჩენდნენ. ამით კი დასტურდება, რომ მათი კოგნიტური უნარები ჩვენსას წააგავდა. და იმის მიუხედავად, თუ რამდენად ჭკვიანები იყვნენ ისინი, ფაქტია, რომ მათ მიერ შექმნილი ნივთები და კულტურული არტეფაქტები იმ თვისებების არსებობას ადასტურებენ, რომლებიც ადამიანობის ერთ-ერთი ბაზისური განმსაზღვრელი გახლავთ.

უძველესი ხელოვანები

ნეანდერტალელები, დიდი ალბათობით, ხელოვნებასაც ქმნიდნენ. 2014 წელს ფინლეისონების ოჯახმა გორამის გამოქვაბულის კედელზე გამოკვეთილი ნიშანი იპოვეს, რომელსაც "ნეანდერტალელის ჰეშთეგი" უწოდეს. ეს ნეანდერტალელთა ხელოვნების პირველი მტკიცებულება იყო, ამბობს ჯერალდინი.

ნიშანი, რომელიც კედელზე შემთხვევით გაკეთებულ ნაკაწრებს ჰგავს, სინამდვილეში დიდი ძალისხმევის შედეგია. "ეს სიმბოლო არც შემთხვევით და არც შეცდომით არ შექმნილა, მის გაკეთებას გარკვეული ფიქრის პროცესი ახლდა თან", — ამბობს ჯერალდინ ფინლეისონი. როდესაც არქეოლოგები დიზაინის თავიდან შექმნას ეცადნენ, აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ღრმა ნაკაწრი ბასრი ქვის 60 გასმას საჭიროებდა: "აშკარა იყო, რომ ის მიზანმიმართულად შექმნეს", — ურთავს მეცნიერი.

მომდევნო კვლევებში დეკორატიულ ნიჟარებთან და წითელ საღებავთან დაკავშირებულმა აღმოჩენებმა კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ნეანდერტალელები ნივთებს ხელოვნებისთვის იყენებდნენ. თუ მართლა ასეა და ისინი ხელოვნებას მისდევდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებს სიმბოლოების შეცნობის უნარი ჰქონდათ, რასაც ჩვენ აქამდე მხოლოდ ჰომო საპიენსების თვისებად მივიჩნევდით.

2018 წელს ესპანეთის მღვიმეების კედლებზე ცხოველებისა და გეომეტრიული ფიგურების ნახატები აღმოაჩინეს, რაც ასევე ნეანდერტალელების გაკეთებული უნდა იყოს. ამჯერად შესრულებული ხელოვნების ნიმუშები კიდევ უფრო ძველი — 64 ათასი წლის წინანდელი აღმოჩნდა.

ესპანეთში ნაპოვნი გამოქვაბულის ნახატები ჰომო საპიენსის ევროპაში მოსვლამდე 20 ათასი წლით ადრე შექმნეს.

ფოტო: Getty Images

თუ ნეანდერტალელებს სიმბოლოების შექმნის უნარი ჰქონდათ, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ახალი კვლევები მათ დახვეწილ ენობრივ უნარებზეც მიუთითებს.

2013 წლის ერთ კვლევაში ლაპარაკისთვის აუცილებელ, ენისქვეშა ძვალს იკვლევდნენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ენისქვეშა ძვლის ნეანდერტალელებისეული ვერსია ზუსტად ისე მუშაობდა, როგორც — ჩვენი.

მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც სტივენ ვრო უძღვებოდა, კომპიუტერულ მოდელზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ნეანდერტალელებს ჩვენსავით საუბარი უნდა შესძლებოდათ. "ბევრი ამტკიცებს, რომ საუბრის უნარი თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა. თუ ნეანდერტალელებს ჩვენ მსგავსად ჰქონდათ ენა და საუბრობდნენ მასზე, ესე იგი ისინიც ჩვენსავით ადამიანები იყვნენ", — აღნიშნავს ვრო.

თუ ნეანდერტალელებს ლაპარაკი მართლაც შეეძლოთ, მაშინ ისინი ისეთ ინფორმაციასაც ეფექტიანად გადასცემდნენ ერთმანეთს, როგორიც, მაგალითად, იარაღების შექმნის პროცესს აღწერს. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მათ ჩვენ, ჰომო საპიენსებს, რაღაცები გვასწავლეს კიდეც.

ფინლეისონი ამბობს, რომ ნეანდერტალელების ნამარხებმა ჩვენამდე გიბრალტარის მაღალი კლდეების გამო მოაღწიეს.

ფოტო: Getty Images

ჩვენი დღევანდელი მონაცემებით, როდესაც ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები ერთმანეთს შეხვდნენ, მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ძვლის გარკვეული ტიპის იარაღი, რომელიც ნეანდერტალელების ტერიტორიაზე იპოვეს, ამასთან იმ ადგილზეც აღმოაჩინეს, სადაც მხოლოდ ჰომო საპიენსები ცხოვრობდნენ.

მარი სორესის ხელმძღვანელობით მომუშავე მეცნიერთა გუნდმა ის ადგილები გამოიკვლია, სადაც ნეანდერტალელები 40-60 ათასი წლის წინ სახლობდნენ. ნაპოვნ იარაღებს შორის ირმის ნეკნის ძვლის ფრაგმენტებიც იყო, რაც, დიდი ალბათობით, ცხოველის ტყავის დასარბილებლად გამოიყენებოდა, რათა მისგან ტანსაცმელი შეექმნათ. "მსგავსი ძვლის იარაღი ხშირია იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ჰომო საპიენსები ნეანდერტალელების გადაშენებიდან დიდი ხნის შემდეგ სახლდებოდნენ", — გვიყვება სორესი.

მისი აზრით, ეს ერთ რამეზე მიუთითებს: ჩვენ, ჰომო საპიენსებმა, როდესაც ნეანდერტალელებს შევხვდით, მათგან ძვლის იარაღების კეთება ვისწავლეთ: "ჩემთვის ეს პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსებს შორის ინფორმაცია გაიცვალა. როდესაც ეკვატორთან ახლოს ვცხოვრობდით, ჩვენთვის თბილი ტანსაცმლის საჭიროება არ იყო. ნეანდერტალელები კი ევროპის ბევრად უფრო ცივ კლიმატში ცხოვრობდნენ. იმის სწავლა, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ნეანდერტალელები ყინვას, ჩვენთვის ძლიერ გამოსადეგი იქნებოდა".

სორესისა და ბევრი სხვა მკვლევრის აზრით, სწორედ ჰომო საპიენსების სხვა სახეობებთან კონტაქტმა განაპირობა ის, რომ დღეს ასეთი წარმატებული სახეობა ვართ.

ფინლეისონი თავის კოლეგებთან ერთად გორამის გამოქვაბულის გამოკვლევისას.

ფოტო: BBC

ნეანდერტალელების მიერ ბევრი სხვადასხვა იარაღისა და ნივთის გამოყენება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად გვგავდნენ ისინი ჩვენ. მათ ჩვენსავით შეეძლოთ გარემოსთან ადაპტაცია და საარსებო სივრცის სათავისოდ გამოყენება.

"ნეანდერტალელები იმაზე უფრო განვითარებულები იყვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა", — ამბობს სორესი, — "დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნეანდერტალელები და იმდროინდელი ჰომო საპიენსები მრავალმხრივ თანასწორები იყვნენ".

ეს უფრო ცალსახა ხდება, როდესაც ვიგებთ, რომ ნეანდერტალელები გარდაცვლილებს ასაფლავებდნენ — ეს კიდევ ერთი კულტურული რიტუალია, რომელიც "კომპლექსურ სიმბოლურ ქცევას" გვაჩვენებს.

უკანასკნელი ნეანდერტალელები

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსებს შორის მაინც მკვეთრი სხვაობა იყო. მრავლისმთქმელია თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ დღესაც ვარსებობთ, ისინი კი გადაშენდნენ. არსებობის ბოლო ათასწლეულებში ნეანდერტალელები ახალ-ახალ წინაღობებს აწყდებოდნენ — ისეთებს, რომელთა წინააღმდეგაც ისე კარგად არ იყვნენ აღჭურვილნი, როგორც ჰომო საპიენსები.

ჯონ სტიუარტი, დიდი ბრიტანეთის ბორნმუთის უნივერსიტეტიდან, თავის კვლევას იმოწმებს, რომელშიც ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების ნადირობის განსხვავებული ხერხებია აღწერილი. კერძოდ, ნეანდერტალელები მცირე ზომის ცხოველებზე — მაგალითად, კურდღლებზე — ისე ხშირად არ ნადირობდნენ, როგორც ჰომო საპიენსები.

ახლო მანძილიდან ნადირობის მათი ტაქტიკა, რომელიც დიდი ზომის ნადირზე იყო მორგებული, არ მუშაობდა მცირე ზომის ცხოველებზე. შესაბამისად, როდესაც სხვა საკვების ნაკლებობა იყო, ნეანდერტალელებს საკმარისი რაოდენობის კურდღლის მონადირება უჭირდათ. "ვფიქრობ, ჰომო საპიენსებს სწრაფად მოძრავი პატარა ცხოველების დასაჭერად მეტი ტექნოლოგია ჰქონდათ — მაგალითად, ბადე ან ხაფანგი. რთულ ჟამს ჰომო საპიენსს თავის გადასარჩენად მეტი საშუალება აღმოაჩნდა", — გვიყვება სტიუარტი.

ლა-შაპელ-ო-სენის მღვიმეში აღმოჩენილი ნეანდერტალელის სამარხის რეკონსტრუქცია.

ფოტო: Getty Images

კლიმატური მონაცემები ასევე გვაჩვენებს, რომ ნეანდერტალელებს სულ უფრო მტრულ გარემოში უწევდად ცხოვრება. ექსტრემალური ყინვის პერიოდები ევროპაში მათ აიძულებდათ, უფრო და უფრო სამხრეთით წასულიყვნენ და ისეთ ადგილებში დასახლებულიყვნენ, როგორიც გიბრალტარია.

"ევროპასა და აზიაში ყოველ რამდენიმე ათას წელში კლიმატი შედარებით თბილიდან ძალიან ცივში მკვეთრად გადადიოდა", — ამბობს კრის სტრინგერი, კვლევითი განყოფილების უფროსი ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში, — "რადგან ეს პროცესი მუდმივად მეორდებოდა, მცირე პოპულაციებში გენეტიკური მრავალფეროვნების შეტანა რთულდებოდა". ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ნეანდერტალელებმა დედამიწაზე თავიანთ უკანასკნელ სამყოფელს მიაღწიეს, მათში ნათესაური შეჯვარება ძალიან გავრცელებული იყო, რაც ისედაც კლებადი პოპულაციისთვის დამატებითი დარტყმა იქნებოდა.

2019 წლის კვლევით ასევე დასტურდება, რომ მათში შობადობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, საკვების ნაკლებობის გამოც მცირდებოდა, რადგან უნაყოფობა ცხიმოვანი მასის დაკლებასთან შეიძლება იყოს კავშირში. ანა დეგიოანიმ ექს-მარსელის უნივერსიტეტიდან ჩაატარა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ "ახალგაზრდა მდედრების ნაყოფიერებაში მცირე ცვლილებასაც კი შეიძლება დრამატული ეფექტი ჰქონოდა ნეანდერტალელების პოპულაციაზე და, შესაბამისად, მათ ფიზიკურ გადარჩენაზე".

ნეანდერტალელთა გენომის დიდი ნაწილი დღემდე არის შემორჩენილი თანამედროვე ადამიანებში.

ფოტო: Alamy

კლაივ ფინლეისონის თქმით, "გადაშენების პროცესი ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა. ნეანდერტალელების პოპულაციამ, სავარაუდოდ, ერთ მომენტში იმ დონეს მიაღწია, საიდანაც ზრდის ხელახლა დაწყება შეუძლებელი აღმოჩნდა".

სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი ნეანდერტალელები ზუსტად ისე ცხოვრობდნენ, როგორც მათი წინაპრები, ეს არ იყო საკმარისი კლიმატური ცვლილების მსგავს ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ამას, თავის მხრივ, ინოვაციაზე და კულტურის გავრცელებაზე უარყოფითი ეფექტი ექნებოდა. როცა ცხოვრება მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა ხდება, მაშინ ისეთი რაღაცები, როგორიც კულტურაა, თავისით ქრება. ნეანდერტალელების გადაშენებას ბოლო წლებში ჰომო საპიენსების, ცხოველების ან დაავადებების შეტევა დიდად არ დაჭირდებოდა.

თუმცა, მართალია, ისინი გადაშენებულად არიან მიჩნეულები, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ნეანდერტალელები საერთოდ გაქრნენ. მათი გენომის დიდი ნაწილი დღემდე არის ჩვენში. უკანასკნელი ნეანდერტალელები შეიძლება დაიხოცნენ, თუმცა კაცობრიობა მათ კვალს კიდევ ათასობით წელი ატარებს.