შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, 21 ივლისს, ღამით, მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი მამა მოკლა, ხოლო ქალის იქვე მყოფი დედა და ძმა დაჭრა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კაცი ყოფილი ცოლის სახლში მივიდა და მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა. შსს ამბობს, რომ კაცი ყოფილი ცოლის დედისა და ძმის მოკვლასაც ცდილობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დახმარება გაეწიათ და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული კაცი უკვე დაკავებულია. სამინისტროს ინფორმაციით, ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა და ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი — პისტოლეტი ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.