საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოპერატორს თავს დაესხა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", — აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული ძალადობრივი კონტაქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 23 პირი;
  • თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებულია 1 პირი.

უწყებაში აცხასდებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.