ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატ შალვა პაპუაშვილის ქმედება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიმართ "აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური იყო". რუსთავი 2-ის ეთერიდან ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"თინა ბოკუჩავა, ნატო ჩხეიძე და სხვები ძალიან შეეჩვივნენ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან ასვლას. რაღაცა წესებს მათ უნდა სცენ პატივი. ძალიან კარგი იყო რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება ნებისმიერ დეპუტატს და ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაღაცა წესებს თუ არ ვეცით პატივი, სახელმწიფოებრიობისგან არაფერი დარჩება. აქედან გამომდინარე, პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური და მას კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო", — განაცხადა კობახიძემ.

18 ივლისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კოლეგა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს ჰქონდა, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს. "დაბრალებებს არ ვიყოთ" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნაციონალური მოძრაობა აპირებს ფაქტზე სამსჯელოდ პარლამენტის ეთიკის კომისიას მიმართოს.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის ამბობს, რომ გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში.

გაიგე მეტი: