თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა და 5 ივლისს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა გაუთანაბრა ბულინგს, ცილისწამებასა და დამცირებას, რასაც, მისივე მტკიცებით, ტელეეთერებიდან ვისმენთ.

"მინდა მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წვერმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქალაქში განვითარდა სამწუხაროდ 5 ივლისს.

რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიებიდან, ტელეეთერებიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი — დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა", — განაცხადა კახა კალაძემ.