ჩინეთში კაცი იშვიათი, მაიმუნის B ვირუსით მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სტრუქტურები ადასტურებენ. ეს ამ ვირუსით ადამიანის დაღუპვის პირველი შემთხვევაა. მსხვერპლი 53 წლის პეკინელი ვეტერინარი აღმოჩნდა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დაღუპული მამაკაცი კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და მარტში მან ორი მკვდარი მაიმუნი გაკვეთა. ერთი თვის შემდეგ მას პირღებინება და ციება დაეწყო. ის 27 მაისს დაიღუპა. მისი სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები კი კვლევით ცენტრს აპრილში გადაეცა. სწორედ აქ დადგინდა, რომ ის მაიმუნის B ვირუსით დაინფიცირდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მის ორ უახლოეს კონტაქტს, კაც ექიმსა და სანიტარ ქალს დაავადება არ დაუდგინდათ.

მაიმუნის B ვირუსი, ანუ იგივე ჰერპეს B ვირუსული ინფექცია მაკაკებში ძალიან ხშირია, თუმცა თუ ის ადამიანს გადაედო, უმეტესწილად მომაკვდინებელია.

"ადამიანებში ის ცენტრალურ ნერვულ სისტემას უტევს და ტვინის ანთებას იწვევს, რასაც გონების დაკარგვამდე მივყავართ", — განაცხადა იაპონიის კობეს უნივერსიტეტის ინფექციონისტმა, კენტარო ივატამ.

თუ დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების საწინააღმდეგო პროცედურები სწრაფად არ გატარდება, სიკვდილიანობის რისკი 80 პროცენტია.

ამ დაავადების პრიმატებისგან ადამიანებზე გადადების პირველი შემთხვევა 1932 წელს დაფიქსირდა და მას შემდეგ 100-ზე ნაკლები შემთხვევაა აღწერილი. გადადების ფაქტებიდან უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკაში მოხდა. შესაძლოა არსებობდეს ისეთი შემთხვევებიც, როცა ვირუსის გადადების დაფიქსირება ვერ მოხდა, თუმცა ექსპერტების აზრით მაიმუნის B ვირუსით დაინფიცირების შანსები ძალიან დაბალია.

ამ ინფექციის მსხვერპლები ძირითადად ვეტერინარები, მკვლევრები და მეცნიერები ხდებიან, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც პრიმატებთან პირდაპირი შეხება აქვთ. 1997 წელს, მკვლევარი ელიზაბეტ გრიფინი დაინფიცირებიდან 6 კვირაში დაიღუპა, მას გალიაში მოთავსებულმა მაიმუნმა სითხე შეასხა, რომელიც ელიზაბეტს თვალში მოხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მათ მხოლოდ ერთი დოკუმენტი აქვთ, რომელიც ამ ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადადებას აღწერს.

ნიკოლაუს ოსტერიედერის, ჰონგ-კონგის Jockey Club College-ის მედიცინისა და ბიოლოგიური მეცნიერებების დეკანის თქმით, მაიმუნის B ვირუსი კორონავირუსებს არ ჰგავს, მისი გადადება ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება.