ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კომერციულმა ბანკებმა 2,87 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 1,06 მილიარდი ლარი წმინდა მოგება იყო.

2021 წელს კომერციული ბანკების შემოსავლებისა და წმინდა მოგების მოცულობები ასე გადანაწილდა:

  • იანვარი: შემოსავალი — 453,1 მლნ ლარი; წმინდა მოგება — 113,4 მლნ ლარი;
  • თებერვალი: შემოსავალი — 424,9 მლნ ლარი; წმინდა მოგება — 132,1 მლნ ლარი;
  • მარტი: შემოსავალი — 473,1 მლნ ლარი; წმინდა მოგება — 166,3 მლნ ლარი;
  • აპრილი: შემოსავალი — 475 მლნ ლარი; წმინდა მოგება — 173 მლნ ლარი;
  • მაისი: შემოსავალი — 480,4 მლნ ლარი; წმინდა მოგება — 180,1 მლნ ლარი;
  • ივნისი: შემოსავალი — 564,4 მლნ ლარი; წმინდა მოგება — 294,6 მლნ ლარი;

შემოსავლების 78%, ანუ 2,25 მილიარდი ლარი საპროცენტო შემოსავალი იყო, საიდანაც 1,17 მილიარდი ლარი ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების სანაცვლოდ მიღებული პროცენტები იყო. აღსანიშნავია, რომ კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის ექვს თვეში იურიდიული პირებისთვის გაცემული სესხებიდან 798 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. ჯამში, კომერციული ბანკების მიერ 2021 წლის პირველ ნახევარში მიღებული შემოსავლები 24,7%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ამ პერიოდში კომერციული ბანკების მიერ გაწეულ ხარჯებს, ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბანკებმა 1,69 მილიარდის ხარჯი გასწიეს, საიდანაც 1,13 მილიარდი ლარი სხვადასხვა სახის დეპოზიტისა და ნასესხები თანხისთვის გაწეული საპროცენტო ხარჯი იყო. ამავე პერიოდში, ბანკებისთვის აპარატის შენახვის ხარჯებმა, ანუ თანამშრომლებისთვის გაცემულმა ხელფასების ოდენობამ 377,5 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა ჯამში 117 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.