იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია On.ge-ს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა გენადი მაკარიძე.

პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.

19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა. მმართველ პარტიაში კი აცხადებდნენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვთ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებდნენ.

გაიგეთ მეტი