დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ. მისივე თქმით, ქვეყანაში ახლა ისეთი ეპიდვითარებაა, როგორიც მესამე ტალღის პიკის დროს იყო. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია.

"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და გაუარესების ტენდენცია იქნება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ", — განაცხადა გამყრელიძემ.

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის, 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.