თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე ქართულმა ოცნებამ დედაქალაქის მერობის კანდიდატად დღეს, 20 ივლისს ოფიციალურად წარადგინა.

"თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი, რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, რომელიც არის გუნდური მოთამაშე, რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება", — ასე წარადგინა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ის.

18 მაისს ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებში კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზე იყო.

2013 წლიდან დღემდე ის ქართული ოცნების გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. 2012 - 2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი იყო.

კალაძე თბილისის მერი 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნებით გახდა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.