ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სამართალდამცავი უწყებები არც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს. ასე ეხმაურება იგი პარტია ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მომავალ კოალიციურ მთავრობაში ძალოვანი უწყებები ენმ-მ არ უნდა ჩაიბაროს.

"ძალოვნები არ უნდა იყოს ნაც. მოძრაობის ხელში — [ეს] არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული [აზრი]. იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების [...]

ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართლმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი", — წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

დეკანოიძე აღნიშნავს იმასაც, რომ სისტემის გასამართავად და რეფორმებზე სამუშაოდ კამათი მნიშვნელოვანია.

მამუკა ხაზარაძემ ინიციატივა გამოთქვა, ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე დაიწყოს მუშაობა. მან, ასევე, დაამატა, რომ ამ მთავრობაში ძალოვანი უწყებები ენმ-ს მხრიდან არ უნდა იყვნენ წარდგენილები.