მაქციას ისტორია ალბათ ყველაზე ცნობილი ეპიზოდია რომაული ლიტერატურის პირველი საუკუნის გამორჩეული ნიმუშიდან, პეტრონიუსის სატირიკონიდან. ზემოხსენებულ ეპიზოდში წვეულების ერთ-ერთი სტუმარი ტრანსფორმაციის იდუმალ, გასაოცარ ამბავს ჰყვება, რომელშიც ის თავის ნაცნობთან ერთად ღამით მთვარის შუქით განათებულ სასაფლაოზე მიდის: ერთ-ერთი მათგანი ადამიანობას კარგავს და საზარელ მხეცად გარდაიქმნება.

სატირიკონის სატიტულო გვერდი.

ფოტო: Public Domain

აბსურდულობის გარდა, ეს ეპიზოდი ენობრივი ნიშნითაც გამოირჩევა. ლათინურენოვან ლიტერატურაში სიტყვა apoculamus ("ჩქარა წავედით") მხოლოდ და მხოლოდ სატირიკონის 62-ე მონაკვეთში გვხვდება. ამიტომაც ეს ზმნა ჰაპაქს ლეგომენონი, ანუ იმგვარი სიტყვაა, რომელიც რომელიმე ნაწარმოებში, ავტორის შემოქმედებაში ანდაც, ზოგადად, წერილობითი ენის ისტორიაში ერთადერთხელ ჩნდება.

სატირიკონში სხვა ჰაპაქსებიც გვხვდება. Bacalusias ან ტკბილეულს უნდა ნიშნავდეს, ანდაც იავნანას, baccibalum კი — მიმზიდველ ქალს.

ჰაპაქსები არა მარტო ლათინურში, არამედ თითქმის ყველა ენაში გვხვდება — იქნება ეს არაბული, ისლანდიური თუ ინგლისური. და მაინც, საიდან მოდის ეს სიტყვები და რა ფუნქცია აკისრიათ მათ?

ჰაპაქსების მნიშვნელობაზე არაერთი მოსაზრება არსებობს. 1955 წლის ლექციაში ფილოლოგმა ჯოშუა უოთმოუმ განაცხადა, რომ რომაელი პოეტი კატულუსი მათ კონკრეტული სცენისადმი მკითხველის ყურადღების მისაპყრობად იყენებდა, საუკუნეების შემდეგ კი ასევე იქცეოდა ეზრა პაუნდი. საპირისპირო შეხედულების თანახმად, მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში კონკრეტული სიტყვების გამოყენების სიხშირეს არც ისე დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომაც ზოგიერთი სიტყვა სრულიად შემთხვევით იქცევა ჰაპაქსად.

იმ ჰაპაქსების სათარგმნად, რომლებიც ენაში დამკვიდრებული არაა, სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. სატირიკონის apoculamus-ის შემთხვევაში შეგვიძლია, კონტექსტი და წინმსწრები სიუჟეტი დავიხმაროთ. ამ ეპიზოდში მთხრობელი ჰყვება, ის და მისი თანამგზავრი სახლიდან როგორ გავიდნენ. Mus სუფიქსით ვადგენთ, რომ სიტყვა პირველი პირის მრავლობითი რიცხვის, აწმყო დროის, აქტიური გვარის, თხრობითი კილოს ზმნაა. ამიტომაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ apoculamus მოძრაობას აღწერს.

ლათინურ ენაზე ძველი ბერძნულის დიდი გავლენის გამო, მეცნიერები სიტყვების სათარგმნად ეტიმოლოგიასაც ხშირად იშველიებენ. პრეფიქსი apo ობიექტისგან დაშორებას აღნიშნავს, არსებითი სახელი culum კი ადამიანის დუნდულებს. ამიტომაც apoculamus, შესაძლოა, "საიდანმე უკანალის მოშორებას" ნიშნავდეს.

სატირიკონის ავტორი, გაიუს პეტრონიუსი.

ფოტო: Public Domai

ზოგიერთი მეცნიერი ამ განმარტებებს უარყოფს და ფიქრობს, რომ სიტყვა დედანში სულაც არ გვხვდება. სატირიკონმა ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია და გამორიცხული არაა, მისი ლექსიკა დროში შეცვლილიყო. ამიტომაც, შესაძლოა, პეტრონიუსმა სხვა სიტყვა გამოიყენა, გადამწერმა კი შეცდომა დაუშვა. გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით, ნაწარმოების ბოლო ვერსია მისი საწყისი ფორმისგან ბევრად შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც მეცნიერებს სიტყვის, apoculamus, სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს აძლევს.

ძველ ბერძნულსა და ლათინურში ბევრია ისეთი სიტყვა, რომლის ზუსტი თარგმნაც შეუძლებელია. ერთ-ერთი მათგანი და მეცნიერების თავსატეხი πολεμοφθόροισιν (პოლემფთოროისინი) არის, რომელიც ძვ.წ მე-5 საუკუნეში ესქილეს მიერ შექმნილი ბერძნული ტრაგედიის, სპარსელების 653-ე სტრიქონში გვხვდება. პიესა სალამინის ბრძოლაში სასტიკად დამარცხებული სპარსი მეფის, ქსერქსეს საბერძნეთიდან დაბრუნებაზე მოგვითხრობს. ერთ-ერთ ეპიზოდში ქორო ყოფილ ხელმწიფეს, დარიუსს ადიდებს, რომელიც, მისი ვაჟისგან განსხვავებით, "უმიზნო ომებში ქვეშევრდომების არამოჟლეტვის" გამო სამართლიან ხელმწიფედ ახსოვთ. ამ მონაკვეთის კონტექსტიდან გამომდინარე, სწავლულები თვლიან, რომ ზემოხსენებული ჰაპაქსი ომს უნდა უკავშირდებოდეს. πόλεμος (პოლემოსი) ბერძნებისათვის ბრძოლის ღვთაებრივ განსახიერებას აღნიშნავდა, φθείρω (ფთეირო) კი ითარგმნება როგორც "გაანადგურე". ამ ორი სიტყვის შერწყმა ომით განადგურებას უნდა ნიშნავდეს, რაც ქსერქსემ ბერძნებთან ბრძოლით საკუთარ მოქალაქეებს მოუტანა.

ჰაპაქსებს ხშირად იყენებდა კატულუსი, რომელიც ძვ.წ. პირველ საუკუნეში ლათინურ ენაზე წერდა. ამის მნიშვნელოვანი მაგალითია მის 97-ე ლექსში გამოყენებული სიტყვა, ploxeni, რომელიც გალიური წარმოშობისაა და სანაკელე ოთხთვალას აღნიშნავს. ეს ტერმინი კაცის, სახელად ემილიუსის სალანძღავად მახვილგონივრულადაა გამოყენებული — მთელი ლექსიც მისი გარეგნობისა და მყრალი სუნის კრიტიკას ემსახურება. კატულუსი ემილიუსის ჭუჭყიან ღრძილებს "სანაკელე ოთხთვალას" ადარებს. ეს ტერმინი — სავარაუდოდ, ბუნდოვანი მნიშვნელობის გამო — კატულუსის არცერთ სხვა ლექსში არ გვხვდება.

ესქილეს სპარსელების იმ სცენის ილუსტრაცია, რომელშიც სათარგმნელად რთული სიტყვა, πολεμοφθόροισιν (პოლემოფთოროისინი) არის ნახსენები.

ფოტო: Public Domain

ჰაპაქსი გამოყენებულია ჰომეროსის მიერ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში შექმნილი ილიადას მეორე წიგნის 217-ე სტრიქონშიც. ეს პოემა ტროელი პრინცის, პარისის მიერ სპარტას მეფე მენელაოსის ცოლის, ელენეს მოტაცების შემდეგ ბერძნებსა და ტროელებს შორის გამართულ ეპიკურ ბრძოლაზე მოგვითხრობს. ზემოხსენებულ მონაკვეთში ყველაზე გამჭრიახი მებრძოლი, ოდისევსი ბერძენ მეომრებს თავისი სიტყვით საომრად აქეზებს, როცა მას სათქმელს თერსიტე — ჰომეროსის აღწერილობით, უსანდომო, შეუხედავი კაცი — შეაწყვეტინებს. მართალია, ეს პერსონაჟი მხოლოდ ერთ მოკლე პასაჟშია აღწერილი, ჰომეროსი მისთვის დამაკნინებელ სიტყვებს არ იშურებს. იგი ხასიათდება როგორც "ბოროტებისკენ მიდრეკილი", "ავი აზრების მქონე" და "მომრგვალებულმხრებიანი". აქვეა გამოყენებული ტერმინი φολκός, რაც, შეიძლება, "ფეხებგაღუნულად" ითარგმნოს და ის თერსიტეს ღირსების შელახვას ემსახურება.

შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაპაქსი honorificabilitudinitatibus-ია, რაც "პატივის მოპოვების უნარის მქონეს" ნიშნავს. ეს სიტყვა მხოლოდ პიესის, ამაო გარჯა სიყვარულისა, მე-5 მოქმედების პირველ სცენაში გვხვდება. ის მიცემითი ბრუნვის ფორმაა შუა საუკუნეების ლათინური სიტყვისა, honorificabilitudinitas. შექსპირის გარდა, ეს სიტყვა თავიანთ ნაწარმოებებში ჯეიმს ჯოისმა და ჩარლზ დიკენსმაც გამოიყენეს.

ბიბლიაში ათასობით ჰაპაქსია. ბერძნული და ლათინური ლიტერატურის დახმარებით, სეპტუაგინტადან და ვულგატიდან — ბერძნულ კოინეზე შესრულებული ძველი აღთქმიდან და ლათინური ბიბლიიდან — მრავალი ტერმინის თარგმნა შეგვიძლია. თუმცა ვინაიდან ძველ ებრაულ ენაზე დაწერილი ტექსტებიდან თითქმის მხოლოდ ძველი აღთქმაა შემორჩენილი, ჰაპაქსები თარგმნის პროცესს ართულებს. წიგნი "ქებათა ქება", რომელიც თანახის ბოლო ნაწილია და ქრისტიანულ ძველ აღთქმაშიც შედის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ჰაპაქსებს შეიცავს, ამიტომაც მათ სათარგმნად მეცნიერებს ბიბლიის ბერძნულ ვერსიაზე დაყრდნობა უწევთ.

პიესის, ამაო გარჯა სიყვარულისა, 1631 წლის გამოცემის სატიტულო გვერდი.

ფოტო: Folger Shakespeare Library

"ქებათა ქება" კაცისა და ქალის სასიყვარულო ამბავია, რომელშიც ისინი ერთმანეთისადმი გრძნობებზე ჰყვებიან. მასში ჰაპაქსების დიდი რაოდენობა ტექსტს ბიბლიის ყველაზე ამოუცნობ და იდუმალ ნაწილად აქცევს. მაგალითად, 4.13 სტრიქონში კაცი ქალის selahim-ს ხეხილის ბაღს ადარებს. მეცნიერების აზრით, ეს სიტყვა ტოტებს შეიძლება აღნიშნავდეს, ვინაიდან ტექსტი ქალის სხეულს აღწერს.

ლინგვისტურ ფენომენს, რომელიც ჰაპაქსს ყველაზე მეტად ჰგავს, ოკაზიონალიზმი ჰქვია და ის ინდივიდის მიერ ახალი სიტყვის მოგონებას აღნიშნავს. მწერლებს ჰაპაქსების შექმნა სწორედ ახალი სიტყვების გამოგონებით შეუძლიათ. შექსპირი ამ ხერხს ხშირად მიმართავდა. ქორწინების თემაზე დაწერილ პიესაში, ჭირვეულის მორჯულება, მთავარი გმირი, კატერინა თავს მზისგან "თვალმოჭრილს" (bedazzled) უწოდებს. შექსპირმა ეს სიტყვა ამ სცენისათვის გამოიგონა, თუმცა დღეს ის აქტიურად გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაპაქსების თარგმნას ხშირად ბუნდოვანება სდევს თან, ერთი რამ ცხადია: ისინი ლინგვისტიკის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ფენომენს წარმოადგენს, რომელთა სრულყოფილად გაშიფვრა, შესაძლოა, ვერასდროს მოვახერხოთ.