საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 7,7%-ით გაზრდას ელოდება.

ბოლო პროგნოზის მიხედვით, წელს IMF ეკონომიკის 3,5%-ით ზრდას ელოდებოდა — შესაბამისად, ფონდის მოლოდინები 4,2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

ფინანსთა სამინისტროს მიერ განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინებს ემთხვევა — მიმდინარე წელს ისევე როგორც IMF, მთავრობაც 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდას მთავრობა საშუალოდ 5,7%-ით, ხოლო სავალუტო ფონდი 5,8%-ით პროგნოზირებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვას ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის ზრდით ხსნის და ასევე, ტურიზმის მაჩვენებლების მოსალოდნელ მატებასაც უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, აპრილში ეკონომიკის წლიური ზრდის 44,8%-იანი, ხოლო მაისში 25,8%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აპრილსა და მაისში დაფიქსირებული ზრდის ამგვარი მონაცემები დიდწილად ე.წ საბაზისო ეფექტს უკავშირდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ორ თვეში ეკონომიკა 2019 წლის შესაბამის თვეებთან შედარებითაც გაიზარდა.