პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკების მიყიდვის ბრალდებით 17 ივლისს დააკავა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრალდებული ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდი ოდენობას. გამოძიების ვერსიით, 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში მან ლექსო ლაშქარავასა და კიდევ 6 პირს 500 ლარად მიჰყიდა კუსტარული ჰეროინის, ე.წ. სირეცის 2 გრამი.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია მედიის ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და შემდეგ სახლში გაეწერა.

მისი გარდაცვალებიდან მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტომ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება. ამავე დღეს მათ გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც, მათივე განმარტებით, ჩანს ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი გარდაცვალების წინა დღეს, ანუ 10 ივლისს. უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლაშქარავა ორჯერ მივიდა ფონიჭალის დასახლებაში.

ლექსო ლაშქარავას კოლეგებსა და ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. მათ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს და საქმის გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოძიებას ითხოვენ.