ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი მენსტრუალური ციკლის დასასრულის დასაწყისია. მენოპაუზის დიაგნოზი ციკლის შეწყვეტიდან 12 თვის თავზე დგება და მიუხევადად იმისა, რომ ყველაფერი ფიზიოლოგიაზე, სექსუალურ აქტივობასა და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მენოპაუზის საშუალო ასაკად 50 წელია განსაზღვრული. ეს ჩვეულებრივი, ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც ფიზიკური სიმპტომებიც ახასიათებს.

სიმპტომატიკა:

  • შეწყვეტილი, არარეგულარული მენსტრუაცია
  • ვაგინის სიმშრალე
  • ცხელების შეგრძნება (ე.წ ალები)
  • სიცივის შეგრძნება (ცივი ოფლის სახით)
  • ოფლიანობა ღამით
  • ძილის რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები
  • განწყობის ხშირი ცვლილება
  • წონის მომატება და ნივთიერებათა ცვლის შენელება
  • თმის ცვენა და კანის გამოშრობა
  • მკერდის ზომაში შემცირება

მიუხედავად იმისა, რომ პროცესს მრავლობითი დისკომფორტი ახლავს, მთავარი ნიშანი არეული, არარეგულარული მენსტრუაცია, თვის გამოტოვება და შემდეგ დაბრუნება ან ციკლის სრულად დაკარგვაა.

გამომწვევი მიზეზები

ფოტო: Matt Kenyon

რთულია ბუნებას და ბიოლოგიურ პროცესებს რაიმე უბრძანო, თუმცა მაინც ჩამოვთვალოთ რამდენიმე მიზეზი, რაც მენოპაუზას იწვევს:

რეპროდუქციული ჰორმონების შემცირება

30 წლის შემდგომ ქალის საკვერცხეები ნაკლებ სქესობრივ ჰორმონს, ესტროგენსა და პროჟესტერონს გამოიმუშავეს, სწორედ ამიტომ, განაყოფიერების უნარიც ნაკლებია.

40 წლის შემდგომ მენსტრუაციის ხანგრძლივობა იმატებს ან იკლებს, უფრო მეტი ან ნაკლები რაოდენობით იწყებს დენას, თუმცა დაახლოებით 51 წლისთვის, ორგანიზმი წყვეტს კვერცხუჯრედის წარმოებას და წყდება მენსტრუაციაც.

საკვერცხეების ან/და საშვილოსნოს ამოკვეთა

ნებისმიერ ასაკში, აღნიშნული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შემდგომ მენოპაუზა დგება. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, მენსტრუაციას პაციენტი არ უნდა ელოდოს, ჰორმონალური ცვლილებებით გამოწვეული დისკომფორტი მაინც აწუხებთ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ პერიოდის არარსებობის მიუხედავად საკვერცხეები სქესობრივ ჰორმონებსა და კვერცხუჯრედს მაინც აწარმოებს.

საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება

ქალების 1% მენოპაუზას 40 წლამდე უჩივის. ეს საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითების და შვილოსნობისთვის აუცილებელი ჰორმონების ნაკლებობითაა განპირობებული, რომლის მიზეზიც შესაძლოა გენეტიკური ფაქტორი ან ავტოიმუნური დაავადებები იყოს.

რა უნდა იცოდეთ:

ფოტო: iStockphoto/Getty Images

  1. მენოპაუზა ითვლება დაგვიანებულად თუ 55 ასაკზე გვიან იწყება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტი და სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, რადგან მომატებულია მკერდის კიბოს რისკი.
  2. მენოპაუზის დადგენა არ ხდება მხოლოდ თეორიული მოსაზრების საფუძველზე. კვლევების ნაწილი მოიცავს სისხლში კონკრეტული ჰორმონების ფონის განსაზღვრას, მათ შორის: FSH (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი) და მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH).
  3. მენოპაუზის დროს მომატებულია გარკვეული დაავადებების რისკი: ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულისცემის რითმის დარღვევა, მომატებული არტერიული წნევა) ათეროსკლეროზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვა.
  4. მენოპაუზა არ არის დაავადება, ეს ცხოვრების ეტაპია, შესაბამისად მისი მკურნალობა მხოლოდ ნაადრევი დადგომისას შეიძლება, სხვა შემთხვევაში, აუცილებელია მასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრება.
  5. ჯანსაღი ცხოვრება მოიცავს მენოპაუზის პერიოდში ფიზიკურ აქტივობას, სასარგებლო მინერალებით მდიდარ კვების რაციონს, პროფილაქტიკისთვის D ვიტამინის მიღებას და სხვა რეკომენდაციებს, რომელსაც ექიმი მოგაწვდით.

მენოპაუზა სასიცოცხლო ციკლის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მის გვერდით მოვლენებთან გამკლავებაში გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი დაგეხმარებიან.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!