რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო ქვირია აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მას მიზანმომართულად დევნიდნენ და გათავისუფლების საფუძველი ხელოვნურად შეუქმნეს.

ქვირიას თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში რუსთავის მერმა ორჯერ დაიბარა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერას სთხოვდა. ის ამბობს, რომ განთავისუფლების განცხადებაზე უარის თქმის შემდეგ, მის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის მიზეზით, დისციპლინალური წარმოება დაიწყო. მისი თქმით, დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება.

"ზეწოლა გამოიხატებოდა ნებისმიერ პროცესში უხეშად ჩარევაში — დაბარებები, სამსახურიდან წასვლის მოთხოვნა. მისი საახლობლო წრე მიბარებდა, მოდიოდნენ ჩემთან და სხვა სამსახურში გადასვლას მთავაზობდნენ, ან ჩემი ნებით მთხოვდნენ განცხადების დაწერას", — ამბობს ქვირია.

ნინო ქვირია, ასევე, ამბობს, რომ გადადგომა ქართული ოცნების რეგიონალური ოფისის უფროსმა, დავით კობახიძემაც მოსთხოვა.

ნინო ქვირიას ინტერესებს სამართლიანი (ISFED) არჩევნები იცავს. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების დასადგენად ორგანიზაცია სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას გეგმავს.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ სოციალური სამსახურის უფროსის, ნინო ქვირიას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი დისციპლინური წარმოების დასკვნა გახდა, სადაც, როგორც მერიაში ირწმუნებიან, სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ფაქტებზეა საუბარი.

"თითოეულ დარღვევაზე შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. დარღვვევებით მუშაობა ისეთ სამსახურში, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ემსახურება, დაუშვებელია. თითოეულ საკითხს რაც გახდა სოციალური სამსახურის უფროსის გათავისუფლების მიზეზი, აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკითხი, თუ კი ის სადაოა, უნდა გადაწყდეს სასამართლოში", — განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.