დღეს, 24 მაისს, ბრიუსელში, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი Coreper-ის ფორმატში განიხილება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობის მიერ. Coreper ეს არის ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობა.

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის, ივანე ჩხიკვაძის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, შედეგი კი იქნება ერთგვარი მზა დღის წესრიგი შემდეგი მინისტრთა სხდომისათვის:

"ეს გადაწყვეტილება გადის მინისტრთა საბჭოზე, ეს არის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო და ისინი უყრიან კენჭს, მათი კენჭისყრა ეფუძნება იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც დღეს მიიღება, ანუ მინისტრთა საბჭოზე იღებენ თითქმის იგივე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს დღევანდელი Coreper".

ივანე ჩხიკვაძე გამორიცხავს რაიმე ხელისშემშლელ ფაქტორს, დღევანდელი სხდომის დადებითად წარმართვისთვის.

მისივე თქმით, მინისტრთა შეხვედრა დანიშნულია 10 ივნისს, მაგრამ ზუსტი თარიღი გადაწყდება დღის წესრიგის დეტალურად ჩამოყალიბების შემდეგ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მინისტრთა საბჭოს კენჭისყრისას, უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო:

"გვჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 28 ქვეყნიდან ნახევარზე მეტმა (51%) უნდა თქვას "კი", მაგრამ ეს უნდა ასახავდეს ევროკავშირში მცხოვრები მოქალაქეების 65%-ს, ანუ ამ ნახევარში დიდი ქვეყნებიც უნდა ერიოს".

ივანე ჩხიკვაძის განმარტებით, საბჭოს სხდომის პარალელურად, ან ცოტა მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებას კენჭს უყრის ევროპარლამენტი, რაც სავარაუდოდ, ასევე ივნისში მოხდება. ივლისიდან ევროპარლამენტი შვებულების გამო მუშაობას სექტემბრამდე წყვეტს. სწორედ ამიტომ, თუ ივნისში ვერ მოესწრო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის კენჭისყრა, შესაძლოა, პროცედურა გადაიდოს სექტემბრისთვის.

ლევან ბერძენიშვილი ასევე განმარტავს, რომ საკითხის პარლამენტში შესვლისას, ჯერ უნდა მოხდეს სამოქალაქო საქმეთა კომიტეტში (ლიბე) განხილვა, სადაც წარადგენენ მოხსენებას, კომიტეტმა იგი უნდა მიიღოს და წარმოადგინონ შემდეგ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე:

"პარლამენტში ჩვენ არ გვეშინია, ჩვენი მთავარი ამბავია დღევანდელ სხდომაზე. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილება ერთმანეთს უნდა დემთხვეს და ბოლოს მათმა ხელმძღვანელებმა ხელი უნდა მოაწერონ საბოლოო დოკუმენტს".

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 20 დღეში შეძლებენ.