შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 28 ადამიანია დაკავებული, აქედან 20 ნარკოტიკების რეალიზების, ხოლო 8 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე შეიძინეს ნარკოტიკული ნივთიერებები — ჰეროინი და ალფა-პვპ, შესყიდვის პროცესი კი ფარულად გადაიღეს. ბოლო სპეცოპერაცია 17 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში ჩატარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას", — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს 1 კილოგრამამდე ჰეროინი, სუბუტექსის 129 აბი და აბის 2 ნატეხი, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი, საბრძოლო ვაზნები, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.