ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მოუწოდებს, "მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს". ასე გამოეხმაურა ის უილიამ კორტნის განცხადებას, სადაც დიპლომატი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ.

რატი იონათამიშვილის მტკიცებით, ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ. ამის შემდეგ კი თავადა იმეორებს ხელისუფლების მესიჯბოქს ნარკოტიკული ზედოზირების შესახებ.

"მაგალითად, როდესაც იგებ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ჯერ უნდა გაარკვიო, მართლაც ხომ არ მიაკითხა მას საეჭვო რეპუტაციის მქონე მეგობარმა ფონიჭალაში წასაყვანად; ხომ არ აცხადებს ეს მეგობარი, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული ნივთიერების საყიდლად წავიდნენ; ხომ არ არსებობს კადრები და ხმოვანი ჩანაწერი, რომლებიც ამტკიცებს, რომ მეგობარი გარდაცვლილის ნარკოტიკების ზედოზირებიდან "ნარკანით" გამოყვანას ცდილობდა; ხომ არ არის კადრები, რომლებიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი სახლში ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების კვალი; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე ინექციის რამდენიმე კვალი და ა.შ.", — წერს იონათამიშვილი.

მისი აზრით, "როდესაც ამ ყველაფრით არ ინტერესდები და აშშ-ის ყოფილი ელჩი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებ, ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს".

"სამართალდამცავი უწყებების დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და როდესაც შეგიძლია ეს დასკვნები შენ სახელმწიფო უწყებებს გადაამოწმებინო, რისი არაერთი პრეცედენტიც გვქონია საქართველოში, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება", — აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი.

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩებმა, კენეტ იალოვიცმა და უილიამ კორტნიმ განაცხადეს, რომ ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ იალოვიცი და კორტნი თვლიან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის პასუხი არ იყო რეალობასთან შესაბამისი.