ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე წერს, რომ გვერდი Facebook-დან ისევ წაუშალეს. ძალადობრივი და პრორუსული არხი Alt Info Facebook-ზე ისევ არ იძებნება. ამის შემდეგ კი მათ ახალი ფეისბუქ გვერდი გახსნეს.

11 ივლისს Alt Info-ს ვებგვერდი გათიშეს. ფეისბუქმომხმარებელი როი შენგელია ამბობდა, რომ მიმართა ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ს და აცნობა, რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტი დისკრიმინაციულ კანონს, რის შემდეგაც გვერდი გაითიშა.

ალტ-ინფოს წამყვანები ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებს შორის არიან. სხვადასხვა განცხადებით ისინი საზოგადოებაში სიძულვილს თესავენ და აგრესიას აღვივებენ. ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა არაერთხელ დაბლოკა ალტ-ინფოს გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.