დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ს გაჭედვას მიზანმიმართულ კიბერშეტევას უკავშირებს. მისივე თქმით, კიბერშეტევა იმდენად ძლიერი იყო, NCDC-ის ვებ-გვერდიც დაზიანდა და კორონავირუსის ყოველდღიური მონაცემებიც ვერ გამოაქვეყნეს. ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ეს რუსეთიდან იყოს თუ არა, მან უპასუხა, რომ არ გამორიცხავს.

"3 ივლისს პრობლემა რაც იყო, როცა სინოფარმზე იხსნებოდა და მთლიანად ჩამოიშალა NCDC-ის ყველა პორტალი, რომელიც განთავსებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს სერვერებზე, დანამდვილებით ვემხრობი იმ ვერსიას, რომ იმ დღეს იყო ძლიერი კიბერშეტევა სამინისტროს სერვერებზე და გამიზნული სწორედ, რომ იმ დროს დაზიანდა, ძირითადად, დაავადებათა კონტროლის პორტალი და ორდღიანი, ძალიან ინტენსიური, დღე-ღამითი მუშაობა ძალიან ბევრი უწყების და IT სამსახურების დასჭირდა. თუ გახსოვთ, მეორე დღეს დილის რეპორტი ვერ გამოვაქვეყნეთ. ლაბორატორიული ბაზა ჩამოშლილი იყო, სადაც შემოდის ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევები და მესამე დღესაც პრობლემები ჰქონდა სანამ სრულად ორი დღის განმავლობაში არ გაიმართა. ის ნამდვილად იყო მიზანმიმართული, წინასწარ ვერავის დააბრალებ, მაგრამ ნადვილად, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძლიერი კიბერშეტევა. ვის მიერ ამაზე გამოძიება მიმდინარეობს".

3 და 14 ივლისის Sinopharm-ისა Pfizer-ზე რეგისტრაცია, 12:00 და 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსურველებს ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის გამო რეგისტრაციის გავლა არ შეეძლოთ.

პორტალზე, booking.moh.gov.ge, სადაც დოზის დაჯაშვნა ხდება ეწერა: "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის განცხადებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერული მონაცემის, ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებასა და ხელყოფას გულისხმობს.