ვაქცინების სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხებასთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო არ არის ამერიკა, რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც აქვს NASA-ს ან პენტაგონს.

"საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. რა თქმა უნდა, ამისი პრევენცია მაქსიმალურად უნდა იყოს და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო და IT სამსახურები, რომ მომავალში ეს ნაკლებად მოხდეს, მაგრამ მთლიანად დაზღვეული ამისგან ვერ იქნებით. მარტო საქართველოში არ არის ასე, ყველა ქვეყანა ჩივის ამაზე, მაგრამ ჩამოსული ფაიზერი იყო 14 000 ადამიანისთვის და ეს 14 000 სწრაფად დარეგისტრირდა, დანარჩენები ვერა", — საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით თქვა ცერცვაძემ.

14 ივლისის Pfizer-ზე რეგისტრაცია 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში პორტალი ისევ შეფერხებით მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ IT სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სარეგისტრაციო პორტალის მუშაობა ისევ არ შეფერხებულიყო.

Pfizer-ის 28 000 დოზა საქართველოში გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ვაქციანა ქვეყანაში ეტაპობრივად, ყოველკვირეულად შემოვა. მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე საქართველოში ჯამში მილიონ-ნახევარი Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა იგეგმება.