5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც პრორუსულ, ძალადობრივ ალტ-ინფოს კურირებენ. თუ ადრე ეს ძალები მხოლოდ სოციალური ქსელების, შემდეგ კი ვებგვერდის საშუალებით ავრცელებდნენ სიძულვილს, 2020 წელს ახალი პლატფორმა, ტელევიზია დააფუძნეს. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სრული უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიის საშუალებით იღებს, ცხადია, ამ ტიპის დანამატი საფრთხეს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, კომპანიებს, რომლებიც მოსახლეობას სხვადასხვა არხს აწვდიან, პაკეტში ალტ-ინფოს ჩასმის ვალდებულებაც აქვთ.

ერთადერთი, ვინც ამაზე უარს ამბობდა, სილქნეტია. კომპანია ამას ტექნიკური მიზეზებით ხსნიდა. მართალია, ამან საზოგადოების ნაწილის კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა პრორუსულმა ალტ-ინფომ არ დააყოვნა და საჩივრით კომუნიკაციების კომისიას მიმართა. რამდენიმე მოსმენის შემდეგ, 29 ივლისს კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე არხის დამფუძნებელმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სილქნეტის წინააღმდეგ საჩივრის განხილვის შეწყვეტა სურთ, თუმცა ამის მიზეზი არ დაუსახელებია.

განახლება: 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ Alt-info-მ სილქნეტს ისევ უჩივლა. მათ მოითხოვეს კომპანიას ყველა სამომხმარებლო პაკეტში განეთავსებინა არხი და დაკისრებოდა სანქცია თავდაპირველი უარის გამო. 9 სექტემბერს გამართულ კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ მორიგდნენ და Alt-info სილქნეტის პაკეტში რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

ამავე დღეს, კომუნიკაციების კომისიამ Alt-Info-ს ეროვნულ დონეზე მაუწყებლობის უფლება მისცა.

განხილვების პროცესში დაიწყო საუბარი იმაზე, რა ხერხებით შეიძლება ალტ-ინფოდან მომავალი საფრთხის არიდება საზოგადოებისთვის, არსებობს თუ არა ამის ბერკეტი და რა პასუხისმგებლობა აკისრია არხს, რომელიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს და აქეზებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო მეტ ბერკეტს მივცემთ ხელისუფლებას, მით უფრო სახიფათო შეიძლება გახდეს ეს თავისუფალი მედიისთვის.

რა წერია კანონში

2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მაუწყებლობას საფრთხე შეექმნა. კონკრეტულად, საუბარია იმ დროისთვის ახლად დაფუძნებულ მე-9 არხზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლის საკუთრება იყო, ასევე, ოპოზიციურად განწყობილ მაესტროსა და კავკასიაზე. ეს არხები საკაბელო კომპანიების ნაწილს ჩართული არ ჰქონდა და მაუწყებლობას სატელიტური ანტენების საშუალებით ცდილობდნენ, თუმცა იყო ამ ანტენების დაყადაღების შემთხვევებიც.

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა მასთ ქერის იდეა, რომელიც გულისხმობს საკაბელოების დავალდებულებას, მომსახურების პაკეტში ჩართონ ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი. საერთო მაუწყებელი არის ტელევიზია ან რადიო, რომელსაც აქვს საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური გადაცემები. არსებობს კიდევ ერთი — მასთ ოფერის პრინციპიც, რომელიც უკვე მაუწყებლებს უკრძალავს საკაბელო არხებიდან გამორთვას.

იმის გამო, რომ ალტ-ინფო შავრაზმულ ტელევიზიად მიმაჩნია, მისი აკრაძლვისა და დახურვის მოთხოვნით თუ გამოვალ, უფრო დიდ სიავეს ჩავიდენ. ამ შემთხვევაში, მე, პრაქტიკულად, ვიტყვი, რომ სახელმწიფომ მედია რეპრესიების ფორმით უნდა აკრძალოს და შეზღუდოს.

ზვიად ქორიძე.

Must carry-ისა და Must offer-ის პრინციპის დანერგვა 2012 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის, ეს შენ გეხებას ნაწილი იყო. კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ ამ წესის დანერგვა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებასა და მედია პლურალიზმის პრობლემების თაობაზე კითხვებს მოხსნიდა. იმდროინდელი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამას ეწინააღმდეგებოდნენ და არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ რეგულაციის მიღება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის ტოლფასი იქნებოდა.

საბოლოოდ, მიუხედავად წინააღმდეგობრივი პოზიციისა, მმართველმა გუნდმა Must carry-ისა და Must offer-ის პრინციპის დაკანონებას მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პრინციპი თავდაპირველად გათვალისწინებული იყო მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე. როგორც იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ამბობდა, საარჩევნო პერიოდში მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის შეთანხმება მათი კერძო საკითხია და ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.

თუმცა კანონი დღემდე მოქმედებს და სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე ითხოვდა ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ალტ-ინფო სილქნეტში ჩართვას. ამ არხის გადაცემების შინაარსიდან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ნორმა მოძველებულია და რადგან ალტ-ინფო ძალადობისკენ მოუწოდებს, მას მაუწყებლობა უნდა შეუჩერდეს.

რას აკეთებს Must carry

კანონის მიხედვით, სახელმწიფოს მაუწყებლობის შეჩერების ბერკეტი არ აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მას ამ ძალაუფლებას მივცემთ, კვლავ ჩნდება საფრთხე, რომ ხელისუფლება სწორედ ამ მექანიზმის საშუალებით მისთვის არასასურველ, კრიტიკულად განწყობილ მედიას გათიშავს. მით უმეტეს ახლა, როცა კრიტიკული მედიის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არც მალავენ — ბლოკავენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ართმევენ მიკროფონს, არ პასუხობენ კითხვებს და ა.შ.

ფოტო: საია

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნორმა წლების წინ კანონმდებლობაში არსებობდა. საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი გვიყვება, რომ წინა ხელისუფლების დროს სწორედ ამგვარად შეჩერდა ტელეიმედის მაუწყებლობა და ამ მექანიზმით, ამ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია ფაქტობრივად ხელისუფლების მხრიდან არის მართული, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ძალიან საფრთხილოა.

"ეს იქნება ძალიან საფრთხილო, სახიფათო ბერკეტი ხელისუფლების ხელში იმ მიმართულებით, რომ შესაძლებელია მისდამი კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ გამოიყენოს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, აგრესიით არიან განწყობილნი კრიტიკული მედიის მიმართ. პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და სხვადასხვა სახის ბრალდებებს აყენებენ. შესაძლებელია, ხელისუფლებამ ეს მექანიზმები ბოროტად გამოიყენოს და უბრალოდ, გათიშოს მაუწყებლობა სწორედ ამ მიზეზებზე მითითებით", — აცხადებს სიმონიშვილი.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის მოსაზრებით, ალტ-ინფოს დახურვის მოთხოვნით გამოსვლა პირიქით, სიავის ჩადენაა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მედია ძალადობისა და რეპრესიების ფორმით უნდა აიკრძალოს.

ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ალტ-ინფო დღეს იმით მანიპულირებს, რისთვისაც თითოეული ჩვენგანი იბრძვის ამდენი წელია — გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, მედიის თავისუფლება არის დასაცავი და არ შეიძლება მედიასაშუალება იყოს რაიმე ტიპის რეგულირების ან რეპრესიების ქვეშ. ეს კარგად ესმის ალტ-ინფოს ჯგუფს, იმ ადამიანებს, ვინც აკეთებს ამ ტელევიზიას და ცდილობს, რომ საზოგადოების უმრავლეს ნაწილს აუბნიოს თავ-გზა. ისინი იყენებენ ლიბერალური დემოკრატიის სიკეთეებს და უკან უბრუნებენ საზოგადოებას საკმაოდ მავნედ იმიტომ, რომ ქმნიან ასეთი შავრაზმული შინაარსის მქონე მასალას. იმ ადამიანებმა, რომლებიც მოუწოდებენ ძალადობისკენ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ და მედიასაშუალებას გარკვეული სანქცირება აუცილებლად მოუწევს იმის გამო, რომ პირდაპირი ეთერის რეჟიმში აკეთებს ტრანსლირებას ამ ძალადობრივი მოწოდებების, რომელსაც შეიძლება მყისიერი საფრთხეები მოჰყვეს", — ამბობს ქორიძე.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები

5 ივლისს, ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, თავს დაესხნენ მოქალაქეს და დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისის დარბევაც, სწორედ ალტ-ინფოს სახეები აძლევდნენ მითითებებს. გარდა ამისა, ისინი ძალადობას გეგმავდნენ მანამდეც და ეს ცნობილი იყო შსს-სთვისაც.

ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მოწოდებები, რაც ალტ-ინფოს ეთერიდან ისმოდა, აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების საგანი. ის მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ძალადობრივ მოწოდებებზე, როცა ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ალტ-ინფო იყენებს ლიბერალური დემოკრატიის სიკეთეებს და უკან უბრუნებს საზოგადოებას საკმაოდ მავნედ.

ზვიად ქორიძე

"მნიშვნელოვანია, გამოძიების საგანი გახდეს ის მოწოდებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით ალტ-ინფოდან. გარდა იმისა, რომ ამ ძალადობრივ მოწოდებებს პირდაპირი და უშუალო საფრთხე, ზოგადად, ჰქონდა, ვნახეთ, რომ ეს საფრთხე მნიშვნელოვნად რეალიზებულ იქნა 5 ივლისის მოვლენების დროს", — აცხადებს სიმონიშვილი.

თამარ კინწურაშვილი

ფოტო: თამარ კინწურაშვილი / Facebook

ზვიად ქორიძეც მიიჩნევს, რომ ნებისმიერ მოწოდებაზე, რომელმაც შესაძლოა კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს, სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაგირება.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის თქმით, აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფები და მათი ქმედებები მედიისგან დამოუკიდებლად უნდა იყვნენ განხილულნი, რადგან სწორედ ისინი იყვნენ იმ მიზანმიმართული დარბევის ორგანიზატორები, რაც 5 ივლისს ვიხილეთ.

"არსებობს ჩანაწერები, სადაც ისინი ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ შეუძლიათ მართონ გარკვეული ჯგუფები და პოლიციას ეუბნებიან პირდაპირ, რომ დააწყნარებენ ხალხს, როცა სჭირდებათ, ამიტომ ისინი უნდა განვიხილოთ ექსტრემისტებად, მოძალადეებად და ამ კუთხით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება", — ამბობს კინწურაშვილი.

ფოტო: Facebook / მარიამ გოგოსაშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი იმავე პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ მედიის საკითხი თვითრეგულირების მექანიზმით წყდება, ხოლო ის პირები, ვინც ძალადობრივი ქმედებები დააორგანიზა და განახორციელა, სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

"გარკვეული საკითხები თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში უნდა დარჩეს, თუმცა როდესაც არსებობს ძალადობის მყისიერი საფრთხე, აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა იმოქმედონ. საფრთხეს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მათი ეთერიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ შესაბამისი ქმედებები", — ამბობს ქარტიის დირექტორი.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი

ზვიად ქორიძის თქმით, კომუნიკაციების კომისიას აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. თუმცა, მისი აზრით, ეს ბერკეტები არ უნდა გამოვიყენოთ მანკიერად და გვახსოვდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

"უნდა მოვერიოთ რუსულ პროპაგანდასა და რუსულ პოლიტიკას, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. მაგრამ თუ ჩვენ მოვერევით მათ იმ მექანიზმებით, რომელიც უნდა რუსეთს, თუ ჩვენ გამოხატვის თავისუფლების პრინციპს გადავაბიჯებთ იმისთვის, რომ ალტ-ინფო მოვსპოთ, ამით ალტ-ინფო გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსს, პასუხი აგონ და რა თქმა უნდა, კომუნიკაციების კომისიამ ამ თემაზე უნდა იმსჯელოს აუცილებლად, რადგან არავის აქვს უფლება, ადამიანი ან მოქალაქეთა ჯგუფი მოაქციოს რისკის ქვეშ თავისი მოწოდებებით და ძალადობრივი რიტორიკით", — ამბობს ის.

თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ გამოხატვის თვისუფლების პრინციპს გადავაბიჯოთ იმისთვის, რომ ალტ-ინფო მოვსპოთ, ამით ალტ-ინფო გაიმარჯვებს

ზვიად ქორიძე

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, თუ ის ადამიანები დაისჯებიან, ვინც 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში მიიღო მონაწილეობა, პრობლემა, რომელსაც განვიხილავთ, თავისთავად მოგვარდება.

რა ვიცით ალტ-ინფოზე

ალტ-ინფო ღიად პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სიძულვილის გამავრცელებელი არხია, რომლის წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმას იყენებენ და 5 ივლისის ძალადობასაც საჯაროდ, ამ არხებზე გეგმავდნენ. ისინი ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებნენ უშუალოდ 5 ივლისსაც, ძალადობრივ კონტრაქციაზე.

Alt-info-ს შექმნის შესახებ განცხადება 2018 გავრცელდა. დაანონსდა, რომ იქმნებოდა ინტერნეტტელევიზია, რომელიც "ლიბერალურ პროპაგანდას" დაუპირისპირდებოდა. შპს ალტ-ინფო საჯარო რეესტრში იურიდიულ პირად 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა, რომლის მფლობელებადაც შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფიქსირდებიან. უკვე 2020 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ კომუნიკაციების კომისიისგან ტელემაუწყებლობის უფლება მიიღო.

ამ არხთან დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაციაა ა(ა)იპ ალტერნატივა საქართველოსთვის, რომელიც 2019 წლის იანვარს დარეგისტრირდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მისი გამგეობის წევრები ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე არიან, ასევე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.

სახელმწიფოს შეუძლია გამოიძიოს სამართლებრივად მოძალადეების ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, ეს გააკეთონ და პრობლემა თავისთავად მოგვარდება

თამარ კინწურაშვილი

ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ თავი ალტერნატიულ მედია საშუალებად წარმოაჩინონ. სწორედ ასე დაიწყეს მათ ოპერირება და ცდილობდნენ, მომხმარებელი დაერწმუნებინათ, რომ სხვა მედიებთან შედარებით ისინი "სწორ" ინფორმაციას ავრცელებდნენ. "სწორი" ინფორმაცია კი ძირითადად მანიპულაციური და დეზინფორმაციული შინაარსის იყო, ემსახურებოდა დასავლური ინსტიტუტებისა და დასავლეთის დემონიზებას და უმცირესოებისა თუ მოწყვლად ჯგუფებზე სტიგმის გაძლიერებას. ამას ადასტურებს ამ საკითხზე მომუშავე არაერთი ორგანიზაციის კვლევა და ანგარიში.

მაგალითად, ალტ-ინფოზე აქტიურად ზიარდებოდა სტატიები, რომლებიც დასავლეთს საშიშ ადგილად წარმოაჩენს. DFR Lab-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში მიმდინარე დემონსტრაციებიდან, რომელზეც მოქალაქეები პოლიციის სისასტიკესა და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ, ალტ-ინფო არჩევდა ისეთ კონტენტს, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე ადამიანი ეკლესიას ცეცხლს უკიდებდა. მსგავსი მასალით ალტ-ინფო ამერიკას საშიშ ადგილად წარმოაჩენდა, სადაც რელიგიის თავისუფლება იზღუდება. ამ გზით ისინი ცდილობდნენ, საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გავლენა მოახდინონ.

ალტ-ინფო განსაკუთრებით აქტიურობდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციების დროს და სიტუაციას უფრო მეტად ძაბავდა. ისინი თავს ესხმოდნენ აქტივისტებს, ლგბტ თემის წევრებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და ცდილობდნენ ყველას დისკრედიტაციას, ვინც ლიბერალური დემოკრატიის მომხრეა — ავრცელებდნენ კონტესქტიდან ამოვარდნილ ფრაზებს და მანიპულაციურ მასალებს.

სანამ ალტ-ინფო სათავეში ჩაუდგებოდა მოქალაქეებზე ძალადობას, ძალადობრივ მოწოდებებსა და კავშირებს არც მანამდე მალავდა. ისინი ღიად უჭერდნენ მხარს პრორუსული პოლიტიკის ცნობილ ფალავნებს, ქართულ მარშს, ლევან ვასაძეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ალექსანდრე ფალავანდიშვილს. არაერთხელ ჰყავდათ სტუმრად ცნობილი პუტინისტებიც. მათი ერთგული მხარდამჭერია ვლადიმერ პუტინის #1 პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი. დუგინმა არაერთხელ გადააზიარა ძალადობრივი ჯგუფების პოსტები, მათი პირდაპირი ეთერები და მეტიც, 5-6 ივლისს დაკავებული მოძალადეებისთვის გირაოს ფულის შეგროვების პროცესშიც კი ჩაერთო.

ალტ-ინფოს ხშირად სტუმრობდნენ სასულიერო პირები და პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. აღსანიშნია, რომ მეუფე სპირიდონმა პანსიონში, სადაც ომბუდსმენს არ უშვებდა, Alt-info-ს წევრები შეუშვა. სიუჟეტში არ იყო დაცული ბავშთა ინტერესები, იყო პროპაგანდისტული შინაარსის და მიზნად ისახავდა ეკლესიის გამართლებას და ომბუდსმენის დისკრედიტაციას.

ფეისბუქზე ქცევის წესების დარღვევის გამო, სოციალური ქსელის გიგანტმა ალტ-ინფოს არაერთხელ წაუშალა ფეისბუქგვერდი, თუმცა ყოველ ჯერზე ძალადობრივი ჯგუფები პლატფორმაზე ახალი გვერდით ბრუნდებოდნენ. შესწავლის შემდეგ ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, რომელიც 130 აქტივს მოიცავდა.

Facebook-მა განაცხადა: "ეს ქსელი იყენებდა ყალბ ანგარიშებს, რომ დაეპოსტა და დაეკომენტარებინა საკუთარ მასალებზე, იმისთვის, რომ ისინი უფრო პოპულარული წარმოეჩინა, ვიდრე რეალურად იყო. ქსელის საშუალებით იმართებოდა ფეისბუქგვერდები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოუდგებოდნენ აუდიტორიას".

აღსანიშნია ისიც, რომ 15 აპრილს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ალტ-ინფო უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2500 ლარით დააჯარიმა.

"გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ — კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები", — განაცხადა კომისიამ.

საზოგადოებისთვის ალტ-ინფოდან მომავალი საფრთხე 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ უფრო ცხადად აღქმადი გახდა. მართალია, ამ არხიდან გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და მეტიც, საშიშროებას ქმნის საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ამის მიუხედავად, საკაბელო ტელევიზიებისთვის ყველა ავტორიზებული საერთო მაუწყებლის პაკეტში ჩართვის ვალდებულების მოხნსა გამოიწვევს ხელისუფლებისთვის იმის უფლების მიცემას, რომ იგივე გაუკეთონ კრიტიკულ მედიებს. ამ შემთხვევაში მთავარი ფოკუსი მოძალადეების, ძალადობრივი მოწოდებების ავტორების პასუხისმგებლობის დაყენება უნდა იყოს და არა მედიასაშუალების მაუწყებლობის შეზღუდვის მცდელობა.