გასულ წელს, როდესაც Covid-19-ის შემთხვევები იზრდებოდა და ტესტების დეფიციტიც იყო, მეცნიერები დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა ახალი მეთოდით დაავადების მიმდინარეობისთვის თვალის მიდევნება.

კვლევების შედეგად კი დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა, რომელიც მათ დაეხმარებოდათ, ფიტნეს საათი იყო. ადამიანებს შეუძლიათ ამ საათით თვალი ადევნონ კორონავირუსის სიმპტომებს, ისევე როგორც სხვა ცვლილებებს მათ სხეულში.

როგორც აღმოჩნდა, ყოველი მეხუთე ამერიკელი იყენებს Fitbit, Apple Watch ან სხვა ფიტნეს საათს. ასეთ მოწყობილობებს, რომლებსაც მუდმივად შეუძლიათ შეაგროვონ მონაცემები გულისცემის, სხეულის ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის შესახებ და სხვა, შეიძლება გამოავლინონ ვირუსის ადრეული და გრძელვადიანი სიმპტომებიც.

ივლისში ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, Fitbit-ის მონაცემების შემსწავლელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ადამიანები, რომლებსაც დაუდასტურდათ ვირუსი, გულისცემის მომატებული სიხშირით გამოირჩეოდნენ, რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს სიმპტომი კი ახასიათებს კორონავირუსს.

"ეს საინტერესო კვლევა იყო და მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანიც. ეს მოწყობილობა გვაძლევს საშუალებას, დიდხანს და შეუფერხებლად ვაკონტროლოთ ადამიანების ჯანმრთელობა და ვნახოთ, რამდენად იმოქმედა ვირუსმა მათზე",— ამბობს დოქტორი რობერტ ჰირტენი.

საათებით დაკვირვება ხალხს მისცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ ნახონ, თუ რა გავლენა მოახდინა ვირუსმა მათზე.

2020 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 24 იანვრამდე ჩატარდა კვლევა, სადაც 37 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ გადმოწერეს აპლიკაცია MyDateHelps და შეთანხმდნენ, რომ გააზიარებდნენ მონაცემებს მათი მოწყობილობებიან.

კვლევის შედეგები კი ასეთია, ადამიანებს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გულისცემა თვეების განმავლობაში არ დაურეგულირდათ. მათი გულისცემა კი, ვისაც Covid-19 არ დაუდასტურდა, მხოლოდ 4 დღეში დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას.

რაც შეეხება გახშირებულ გულისცემას, ესაა ნიშანი იმისა, რომ ვირუსი აზიანებს ნერვულ სისტემას. ექიმების თქმით, Covid-19-მა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხეულის პულსის რეგულირების უნარზე.

თებერვალში, ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გამოყოფდა 1,15 მილიარდ დოლარს, რომ დაფინანსებულიყო კვლევები, ვირუსის გრძელვადიანი სიმპტომების შესასწავლად.

"ამ ტიპის ტექნიკა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, ვირუსის გრძელვადიანი სიმპტომების მარტივად შესასწავლად", — ამბობენ მკვლევრები.