ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სიმპსონებმა კიდევ ერთხელ შეძლეს მომავლის განჭვრეტა. ყოველ შემთხვევაში, ფანები ამაში დარწმუნებულები არიან.

ცნობილი ამერიკული სიტკომის სახელი უკვე დიდი ხანია, ბაბა ვანგასა და ნოსტრადამუსთან ერთად გამოჩენილი ნათელმხილველების გვერდით დევს, თუმცა, ამჯერად წინასწარმეტყველება ორიგინალურია — მაყურებლების თქმით, 2014 წელს გასულ სერიასა და რამდენიმე დღის წინ რიჩარდ ბრენსონის კოსმოსში გაფრენის კადრებს შორის საოცარი მსგავსებაა.

წინასწარმეტყველურ სერიაში ბრენსონის ანიმაციური პროტოტიპი კოსმოსში გაფრენის შემდეგ ხომალდში დალივლივებს — რომელიც თითქმის იდენტურია იმ სცენისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ.

ბრიტანელი ბიზნესმენი და მილიარდერი კოსმოსში Virgin Galactic-ის სარაკეტო თვითმფრინავით რამდენიმე დღის წინ გაფრინდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო, მოგვიანებით კი თავადვე დაარსა კომპანია 2004 წელს კოსმოსური ტურიზმის განსავითარებლად, სიმპსონების ფანებს მაინც მტკიცედ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის მისნობაა.

სერია, რომელსაც ფანები წინასწარმეტყველურად მიიჩნევენ, ერთ-ერთია იმ ოთხი ეპიზოდიდან, სადაც ბრენსონის ანიმაციური პროტოტიპი გამოჩნდა. ეს კონკრეტული სცენა კი 25-ე სეზონის მე-15 სერიაშია, რომელსაც "ხელოვნების ომი" ჰქვია.

სიმპსონების გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ სერიალმა წარსულშიც არაერთხელ, თანაც რამდენიმე წლით ადრე შეძლო მომავლის პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური მოვლენების განჭვრეტა. მათ შორის, ტრამპის პრეზიდენტობის, ლედი გაგას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერფორმანსის, გრეტა თუნბერგის გაეროში გამოსვლის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის კოსტიუმის და კაპიტოლიუმზე იერიშის მიტანის წინასწარმეტყველებაც კი.