გარემოს დამცველმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Population Matters ("მოსახლეობა მნიშვნელოვანია") პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მათი გადაწყვეტილების გამო ჯილდო გადასცა.

გადაწყვეტილება ოჯახის წევრთა რაოდენობას ეხება — ბრიტანულ Vogue-სთან ინტერვიუში წყვილმა 2019 წელს თქვა, რომ ისინი მაქსიმუმ ორი შვილის ყოლას აპირებენ. მეგანი და ჰარი იმავე აზრზე იყვნენ რამდენიმე თვის წინ ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუშიც.

10 ივლისს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წყვილი 500 ფუნტ-სტერლინგის ($695) ჯილდოს მიიღებს მათი "გათვიცნობიერებული გადაწყვეტილების" გამო.

გაეროს მიერ დაწესებული მოსახლეობის მსოფლიო დღის (11 ივლისი) აღსანიშნავად საქველმოქმედო ორგანიზაციამ წელს პირველად გასცა ცხრა პრიზი. მათი განცხადებით, პრიზიორები ის ადამიანები გახდნენ, ვინც "რეპროდუქციულ უფლებებზე ღიად საუბრობენ, იცავენ გარემოს და საზოგადოებაში ცნობიერებას ამაღლებენ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ".

"როცა მსოფლიოს ალბათ ყველაზე პოპულარული წყვილი ამბობს, რომ ისინი ორზე გაჩერებას აპირებენ, ეს ამ არჩევანის პოპულარიზებასა და ნორმალიზებას წაადგება", — ვკითხულობთ Population Matters-ის ვებგვერდზე.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა პრიზი მხოლოდ ორი შვილის ყოლის გამო კი არა, არამედ იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც მიიღეს, რომელშიც მათ ეს არჩევანი გააკეთეს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია ასევე დასძენს, რომ პატარა ოჯახები "ჩვენს პლანეტაზე ზემოქმედებას ამცირებენ", ცოტა ბავშვის ყოლა კი "ყველა ჩვენგანის შვილებისათვის, მათი შვილებისათვის და მომავალი თაობებისთვის უკეთეს შესაძლებლობას ქმნის, რომ ჯანსაღ პლანეტაზე იცხოვრონ".

ფოტო: Getty / Guardian Design

2019 წელს, როცა ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ მათ ოჯახში მხოლოდ ოთხი წევრი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ გარემოს დაცვის მნიშვნელობა დაასახელეს.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენ ეს ადგილი ნათხოვარი გვაქვს", — განაცხადა მაშინ ჰარიმ — "ამდენად, როცა ასე განათლებული ან განვითარებული არსებები ვართ, წესით, უნდა შეგვეძლოს, მომდევნო თაობას რამე უკეთესი დავუტოვოთ".

თუმცა, რა მოხდება, თუკი მეგანი და ჰარი კიდევ ერთი შვილის ყოლას გადაწყვეტენ? ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ამას "მშვიდად, მაგრამ იმედგაცრუებული შეხვდებიან".

"ვიმედოვნებთ, [მესამე შვილს] არ იყოლიებენ, თუმცა, ხალხი ყველაფერზე იცვლის თავის აზრს".