ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალის, booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობის გამო "გულწრფელ ბოდიშს" უხდის.

"შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში. ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

დღეს, 14 ივლისის 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო Pfizer-ით რეგისტრაცია, თუმცა უკვე თითქმის ორი საათი გავიდა, პორტალი კი ისევ შეფერხებით მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ IT სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სარეგისტრაციო პორტალის მუშაობა ისევ არ შეფერხებულიყო.

Pfizer-ის 28 000 დოზა საქართველოში გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ვაქციანა ქვეყანაში ეტაპობრივად, ყოველკვირეულად შემოვა. მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე საქართველოში ჯამში მილიონ-ნახევარი Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა იგეგმება.

გაიგე მეტი: