პარლამენტის განათლების საკითხების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესატან კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. ამის შესახებ, მარიამ ჯაშმა დღეს, პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტს ჯერ განიხილავენ ბიუროს, შემდეგ კი საკომიტეტო მოსმენებზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს 45-ე მუხლის ცვლილებას, თუმცა აუდიტორია 115-ის მოთხოვნა სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების შესახებ კომიტეტმა არ გაითვალისწინა. ჯაშის განმარტებით, თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი ორგანიზაცია, რომელიც სტუდენტების სულ მცირე 10-მა პროცენტმა უდნა აირჩიოს:

"უნივერსიტეტის დონეზე, სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ, თუ რა სახით , რა სტრუქტურით, რა უფლება-მოვალეობით, რა წესდებით იფუნქციონირებს სტუდენტური ორგანიზაცია. მათ შეუძლიათ აირჩიონ სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, ასამბლეა, რომელიც სხვასხვა ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ფუნქციონირებს. კანონპროექტი დავარეგისტრირეთ და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გავაგრძელებთ განხილვას."

მარიამ ჯაშის დღეს გაჟღერებული ცვლილებების პროექტი აუდიტორია 115-ის მოთხოვნების შედეგია. სტუდენტური მოძრაობას რამდენიმე თვეა თსუ-ის მეექვსე კორპუსი აქვს პიკეტირებული. 24 ნოემბერს მოძრაობის წევრმა სტუდენტებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
  • კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
  • გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
  • მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
  • უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი". - მოითხოვდნენ ისინი.