შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეოების დასპონსორებაში 700 დოლარამდე დახარჯა. ფეისბუქის Ad Library-ის მონაცემების მიხედვით, უწყებამ 5 ივლისს ნაცემი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე დაარეკლამა 2 ვიდეო, მათგან ერთ-ერთი ორჯერ. ვიდეოების სარეკლემო ბიუჯეტი 100-დან 400 დოლარამდე მერყეობდა.

პირველი ვიდეო შსს-მ 11 ივლისს გამოაქვეყნა. 2-დღიან ბუსტში, რომელიც 13 ივლისს დასრულდა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებამ 300-დან 399 დოლარამდე დახარჯა. პოტენციური აუდიტორია 1 მილიონი ადამიანი იყო, საბოლოო მონაცემებით კი ვიდეოს 350-400 ათასი ჩვენება ჰქონდა, რაც შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ნახვას ერთი და იმავე ადამიანის მიერ. რეკლამა უმეტესად 25-დან 34 წლის აუდიტორიამ ნახა, ძირითადად თბილისში.

ფოტო: სქრინი Ad Library-დან

მეორე ვიდეო 12 ივლისს არის გამოქვეყნებული და ორჯერ არის დასპონსორებული. ერთხელ 100 დოლარამდე, მეორედ კი 100-დან 199 დოლარამდე თანხით.

ფოტო: სქრინი Ad Library-დან

ამ სქრინზე მოცემულია ამ ვიდეოს ორივე ბუსტის საერთო შედეგი, რომელიც პირველი ვიდეოს მონაცემებს ჰგავს. კერძოდ, პოტენციური სამიზნე აუდიტორია 1 მილიონი ადამიანი იყო, ყველაზე მეტჯერ 25-დან 34-წლამდე აუდიტორიამ ნახა თბილისში. ამ შემთხვევაში ჩვენება 200-250 ათასია.

ფოტო: სქრინი Ad Library-დან

ფეისბუქის Ad Library-ში შსს-ს მიერ ზოგადად დარეკლამების სტატისტიკაზე გადახედვა გვაჩვენებს, რომ 2021 წელს უწყებამ სულ 7 პოსტი დაარეკლამა და აქედან 3 ლაშქარავაზე. ივლისში სულ 4 პოსტი დაიბუსტა, ივნისში 2, მაისში კი 1. დანარჩენი დასპონსორებული პოსტები სხვა მიმდინარე საქმეებს არ ეხება და არის ისეთი ინფორმაციის მატარებელი, როგორიცაა ახალი პოლიციის შენობის გახსნა ან პოლიციის დღის აღნიშვნა. აღსანიშნია ისიც, რომ სხვა რეკლამებში საგამოძიებო უწყებას თითოზე მხოლოდ 100 დოლარამდე თანხა აქვს დახარჯული. არცერთი პოსტი არ არის დარეკლამებული იმხელა თანხით, რამდენითაც ლაშქარავას ვიდეოები.

ამ ვიდეოების დასპონსორების გამო უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ლაშქარავას საქმეზე გამართული ბრიფინგები შსს-მ ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის გავრცელებას მიუძღვნა. უწყება არ საუბრობდა იმაზე, რომ 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი, შესაძლოა, მიყენებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. უწყების მესიჯბოქსი ემყარებოდა შემდეგ ფრაზებს: "გარდაცვალებამდე ლაშქარავა ფონიჭალაში მივიდა", "აფთიაქში ფსიქოტროპული შეიძინა" და ა.შ.

აღსანიშნია ისიც, რომ შსს-ს პარალელურად ეს ვერსია ვრცელდებოდა პროსახელისუფლებო და სხვა ტროლგვერდებზე და ისინიც დასპონსორებული პოსტებით ცდილობდნენ გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციას.