ყოველთვის, როცა გაიგებენ, რომ სთენდაფი გიყვარს, ადამიანები სხვადასხვა შეკითხვას გისვამენ. ზოგი ლუი სი ქეის გაიხსენებს, ზოგს გაუკვირდება, რომ ჯორჯ კარლინიც იცი, ზოგიერთი კი ეცდება, ყველა სთენდაფერი ჩამოგითვალოს, სანამ ერთ ისეთს მაინც არ გამოიჭერს, რომლის შესახებ არაფერი გსმენია. მოკლედ, ყველას თავისი საყვარელი სთენდაფერი კაცი ჰყავს.

ხოლო, როდესაც ადამიანები იგებენ, რომ სთენდაფერი ქალი ხარ, ყველას ერთი და იგივე შეკითხვა აქვს: "აუ სთენდაფერი ხარ? მისის მეიზელი ნანახი გაქვს?". შეიძლება იკითხოთ, და მერე რა პრობლემაა? საოცარი მისის მეიზელი მართლაც რომ კარგი შოუა, კი ნანახი მაქვს და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ რით განსხვავდება მისის მეიზელი ყველა იმ კაცი სთენდაფერისგან, რომლებსაც ჩამოთვლიან ხოლმე კომედიის ამ ჟანრის მოყვარულები? ის გამოგონილი პერსონაჟია.

სწორედ ეგ არის ცოტა გულდასაწყვეტი, რომ როდესაც იგებენ, სთენდაფერი ვარ და თან ქალი, არავის ახსენდება ძალიან სასაცილო რეალური სხვა სთენდაფერი ქალები. ჯერ კიდევ ველოდები ადამიანს, რომელიც მეტყვის: "სთენდაფერი ხარ, რა მაგარია, ჯოან რივერსი იცი?"

თუმცა მერწმუნეთ, სთენდაფერი ქალები არსებობენ, თანაც ისინი ძალიან სასაცილოები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო ეს სია უფრო დიდი ყოფილიყო, ჯერ მხოლოდ 7 საუკეთესოთი დავიწყოთ და დანარჩენის აღმოჩენაზე უკვე YouTube-ის ალგორითმი იზრუნებს.

1. სარა სილვერმანი

სარა სირველმანი ყოველთვის ღიად საუბრობდა ტაბუირებულ თემებზე. მან სთენდაფში კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.

მისი ახალი სთენდაფი ნეტფლიქსზე სარას ახალი კუთხით გვაჩვენებს. ის თითქოს უფრო გაიზარდა და საკუთარი თავი ბოლომდე იპოვა. თუკი სთენდაფები გიყვართ, A Speck of Dust არ უნდა გამოტოვოთ.

2. კეთი გრიფინი

კეთი გრიფინი ერთ-ერთი ვეტერანი სთენდაფერია. მისი ბოლო სთენდაფი მაყურებელმა 2019 წელს იხილა. ხოლო მას შემდეგ, რაც კეთის აშშ-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა, გარკვეული პერიოდით სცენაზე აღარ ჩანდა. საქმე იმაშია, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კეთიმ ფოტო გადაიღო, სადაც პრეზიდენტის მოჭრილი თავი ეჭირა ხელში, რის გამოც მას უამრავი ადამიანი სიკვდილითაც კი ემუქრებოდა.

კეთის სცენაზე დაბრუნებამ გულშემატკივრებისთვის დიდი მოვლენა იყო. A Hell of a Story-ში ის სწორედ თავის ამ გამოცდილებაზე ჰყვება.

3. ჰანა გეცბი

ჰანა გეცბი ავსტრალიელი კომიკოსია, რომლის იუმორის სტილიც ძალიან განსხვავდება ჩვენთვის აქამდე ნაცნობი სთენდაფის სტილისგან. ის საუბრობს ლგბტ თემის გამოცდილებაზე და იმ უსამართლობაზე, რომელსაც ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან.

მისმა პირველმა სთენდაფმა Nanette ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. ამის შემდეგ ნეტფლიქსის დაკვეთით მეორე ეპიზოდი Douglas გადაიღო, სადაც ჰანა აგრძელებს საუბარს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.

4. ალი ვონგი

ალი ვონგს ნეტფლიქზე გავრცელებულმა ორმა სთენდაფმა — Hard Knock Wife და Baby Cobra, დიდი წარმატება და პოპულარობა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე სთენდაფის დროს ალი 7 თვის ორსული იყო, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია.

ალი არის იმის დასტური, რომ ქალებს შეგვიძლია ვიყოთ სასაცილოები, ვიმუშაოთ, გვქონდეს ოჯახი და მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში ლიტერატურას ვწვალობდით, მაინც იმაზე მეტი შემოსავალი გვქონდეს, ვიდრე ჩვენს ჰარვარდდამთავრებულ ქმარს.

5. ელენი

სანამ ელენი პოპულარული გადაცემის წამყვანი გახდებოდა და საკუთარ სახელს ბრენდად აქცევდა, ის სცენაზე იდგა და ხალხის გაცინებას ასე ცდილობდა. მისი კარიერა სწორედ სთენდაფიდან დაიწყო.

მაყურებლის წინაშე ელენს ერთ-ერთი პირველი გამოსვლა ჯონი კარსონის შოუში ჰქონდა. მისი ხუმრობები ჯონის ისე მოეწონა, რომ მონოლოგის დასრულების შემდეგ გადაცემაში სტუმრად მიიპატიჟა. ის პირველი ქალი კომიკოსი გახდა, რომელიც მან სტუმრად მიიპატიჟა. ამის შემდეგ კი, ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ელენმა საოცრად წარმატებული კარიერა აიწყო.

6. ვანდა საიკსი

სთენდაფერობამდე ვანდა სახელმწიფო დაზვერვაში მუშაობდა. სთენდაფერი მას შემდეგ გახდა, რაც მიხვდა, რომ თავისი სამსახური ეზიზღებოდა. ამის შემდეგ ის წლების განმავლობაში მუშაობდა სცენარისტად სხვადასხვა შოუსთვის, შემდეგ კი მსახიობიც გახდა.

ვანდას სხვებისგან გამორჩეული იუმორის გრძნობა აქვს. სხვა სფეროებში წარმატების მიუხედავად, მას სთენდაფი არ მიუტოვებია და დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა.

7. ჯოან რივერსი

და აი, ისევ რეალურ მისის მეიზელს დავუბრუნდით. ამ ცნობილი სერიალის მთავარი გმირი სწორედ რომ ჯოან რივერსის შთაგონებითაა შექმნილი. ჯოანი დღემდე ითვლება ერ-ერთ ყველაზე სასაცილო სთენდაფერად და თან არა მხოლოდ ქალებში.

მან მოღვაწეობა 50-იან წლებში დაიწყო და სრულიად შეცვალა იმდროინდელი სტილი. ჯოანი უკან არასდროს იხევდა და ყოველთვის გულწრფელად აფრქვევდა თავის იდეებს. მისი სწრაფი ლაპარაკის მანერა და სხარტი ენა დღემდე შეუდარებელია.