პროკურორის განცხადებით, უწყება კანონით იმოქმედებს ყველას მიმართ, თუ 5 ივლისის ძალადობრივ მოქმედებებში მათი ბრალეულობა გამოიკვეთება, მათ შორის, სასულიერო პირებთან მიმართებაშიც.

კითხვაზე, გაბედავს თუ არა პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ სასულიერო პირების წინააღმდეგ, პროკურორი პასუხობს:

"პროკურატურა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებულ გამოძიებას ზედამხედველობს. სრულყოფილი გამოძიების ფარგლებში, ვის მიმართაც იქნება მტკიცებულებები, ყველას მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არაერთხელ იქნა გავრცელებული პროკურატურის განცხადებებში.

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობაზე პროკურატურა ორგანიზატორების დადგენის მიმართულებითაც მუშაობს.

"იმის გათვალისიწინებით, რომ კონკრეტული ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით დაზარალებული პირების ჩართულობით შედარებით უფრო მარტივია კონკრეტული პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვება, მოცემულ შემთხვევაში შედარებით მოცულობითია სამუშაო ორგანიზატორებთან მიმართებით, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს", — განაცხადა პროკურომა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან ერთი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივნისს გარდაიცვალა.

ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.

ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.

მედიის წარმომადგენლები 6 ივლისსაც დაშავდნენ. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს კი, შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.

რაც შეეხება 6 ივლისის აქციას, ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.