TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს, დათო კუტალაძეს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყეტილება საქალაქო სასამართლომ ახლახანს მიიღო, რასაც დარბაზში მყოფი ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ.

კუტალაძე სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია". მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი ძალადობრივი მოწოდებაა ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ ჟურანლისტები ცდილობენ მისგან მოძალადე და "განტევების ვაცი" შექმნან. სასამართლოს დარბაზში ის ჰომოფობიურ განცხადებებსაც ავრცელებდა და ლგბტ თემს დამამცირებლად მოიხსენიებდა.

შსს-მ კუტალაძე 12 ივლისს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა. აღსანიშნია, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრტაქციის შემდეგ კუტალაძე აქტიურად ავრცელებდა ძალადობრივ მოწოდებებს, ემუქრებოდა მედიასა და აქტივისტებს.