ჩილელი კინორეჟისორის, პაბლო ლარაინის მიერ პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის, სპენსერის, მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.

ალესილი კეპების შემქმნელის, სტივენ ნაითის სცენარით გადაღებულ ფილმში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს, პრინც ჩარლზს კი ჯეკ ფერთინგი ასახიერებს. ნაწარმოებში მოქმედება 1990-იანი წლების დასაწყისში ხდება, როცა პრინცესა დაიანა გავრცელებული ხმების შემდეგ პრინც ჩარლზთან გაშორებას გადაწყვეტს. ამ დროს ლედი დი შობის დღესასწაულს ნორფოლკში, სენდრინგჰემის მამულში ატარებდა სამეფო ოჯახთან ერთად.

ლარაინს ისტორიულ ფილმებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. მისი რეჟისურით 2016 წელს ფილმი Jackie გამოვიდა, სადაც ნატალი პორტმანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ცოლის, ჟაკლინ კენედის როლის განსახიერებისთვის ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ოსკარის ნომინანტობას უწინასწარმეტყველებენ სპენსერსაც.

ფილმს, რომლის სათაურადაც დაიანას გვარია გამოყენებული, მაყურებელი კინოთეატრებში 2022 წელს იხილავს. ამ წელს პრინცესა დაიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წელი სრულდება.

ფოტო: Getty Images

ვენეციის კინოფესტივალზე ასევე პირველად აჩვენებენ დენის ვილნევის საი-ფაი ფილმ დიუნსაც, რომელშიც როლებს ტიმოთი შალამე და ზენდეია ასრულებენ. ლაინაფში ასეთი გახმაურებული სახელების მიუხედავად, უცნობია, რა ფორმატით ჩატარდება კოვიდპანდემიის პირობებში ვენეციაში მასშტაბური ღონისძიება, რომელიც, წესით, 1 სექტემბერს უნდა დაიწყოს. მკაცრი პროტოკოლის მიუხედავად, ამჟამად კანში მიმდინარე კინოფესტივალზე კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.