ახალი კვლევის თანახმად, ანომალიური ცხელი და ცივი ტემპერატურის გამო წელიწადში 5 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს კვლევა საგანგაშოა და აქამდე მსგავსი ციფრები არ დაფიქსირებულა.

კვლევამ შეისწავლა "არა ოპტიმალური გარემოს ტემპერატურა", რომელიც მოიცავს როგორც პათოლოგიურ სიცხეს, ისე ცივ ტემპერატურას.

"ეს არის პირველი კვლევა, რომელიც მოიცავს სიკვდილიანობის გლობალურ მიმოხილვას 2000-დან 2019 წლამდე არასათანადო ტემპერატურული პირობების გამო. ეს არის ინდუსტრიამდელი ეპოქის შემდეგ ყველაზე ცხელი პერიოდი. მთლიანობაში, ხუთი კონტინენტის ფარგლებში 43 ქვეყნის მონაცემები შევისწავლეთ", — ამბობს ეპიდემიოლოგი იუმინგ გუო, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტიდან.

კვლევის სტატისტიკური მონაცემები სავალალო შედეგებზე მიანიშნებს, რის მიხედვითაც, გლობალური სიკვდილიანობის 9,43 პროცენტი ტემპერატურის ფაქტორს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სიკვდილიანობის ამ მონაცემებიდან, 10-დან 9 სიცივემ გამოიწვია, მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს გლობალურ დათბობასთან ერთად ეს აუცილებლად შეიცვლება.

სიკვდილიანობის მხრივ, ყველაზე დიდი ციფრები აზიაზე და აფრიკაზე მოდის. აზიაში სიკვდილიანობა ყოველწლიურად 2,4 მილიონია, ხოლო აფრიკაში 1,18 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2019 წლამდე სიცივესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 0,51 პროცენტით შემცირდა, ხოლო სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 0,21 პროცენტით გაიზარდა.

ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილებებთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. შესაბამისად, მსგავსი კვლევები სულ უფრო აქტუალური იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.