ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვმა, განაცხადა, რომ 11 ივლისს, EURO 2020-ის ლონდონში გამართულ ფინალურ მატჩზე ათასობით უპირბადო ადამიანის შეკრება "საშინელება" იყო. მისი თქმით, ეს ამბავი კორონავირუსით, მათ შორის დელტა ვარიანტით, დაინფიცირების მასშტაბურ წყაროდ შეიძლება იქცეს.

"ახლა, წესით, უნდა ვერთობოდე, როცა ვირუსით დაინფიცირება ჩემ თვალწინ ხდება?", — დაწერა კერხოვმა ტვიტერზე, — "კორონავირუსის პანდემია ამ საღამოს შესვენებაზე არაა გასული. ვირუსი და მისი დელტა ვარიანტი ისარგებლებენ ამ შემთხვევით, როცა ერთად შეკრებილი აუცრელი და უპირბადო ადამიანები კივიან, ყვირიან და მღერიან. საშინელებაა".

ივნისის თვეში გაერთიანებული სამეფო და UEFA შეთანხმდნენ, რომ უემბლის სტადიონზე დაგეგმილ სამ თამაშზე, მათ შორის, ფინალურ მატჩზე, 90 ათას ადამიანზე გათვლილი არენის 75 პროცენტი უმასპინძლებდა გულშემატკივარს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა გულშემატკივარი სტადიონზე კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის საფუძველზე დაიშვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაინც აცხადებს, რომ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე ხალხმრავლობა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე ხალხმრავლობა უარყოფითად შეაფასეს სხვა ოფიციალურმა უწყებებმაც. ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის განცხადებით, უემბლის სტადიონზე 60 ათასი გულშემატკივრის დაშვება "უბედურების რეცეპტია". ჩემპიონატს უკვე უკავშირდება დაინფიცირების ასობით შემთხვევა; კორონავირუსი დაუდასტურდა 1 300 შოტლანდიელ გულშემატკივარს, რომელიც ლონდონში იმყოფებოდა 18 ივნისის მატჩზე, 300 ფინელს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში იყო და ასევე რამდენიმე გულშემატკივარს კოპენჰაგენში.

ფოტო: Getty Images

ევროპის რიგით მე-16 საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, პანდემიის გამო, UEFA-ს მისი ერთი წლით გადადება მოუწია. ჩემპიონატის 60 წლისთავის აღსანიშნავად წლევანდელ მატჩებს 11-მა ქვეყანამ უმასპინძლა. შეჯიბრების გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა იტალია, რომელმაც ფრედ დამთავრებული ფინალის შემდეგ ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა.

UEFA-ის მომდევნო საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 წელს გაიმართება და მას გერმანია უმასპინძლებს. მანამდე კი წინ არის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მომავალ წელს გაიმართება კატარში.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ვითარება საქართველოში

ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 13 ივლისს განაცხადა. ამ დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 379 673 და მისით გარდაცვალების 5 479 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისათვის ქვეყანაში 310 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.