ჩარლზ ფერნიჰაუ მწერალი და ფსიქოლოგია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი მეგობრებისა თუ სხვა ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაწყვიტა, საკუთარ თავთან საუბრის მეცნიერების შესახებ მოემზადებინა სტატია.

როგორც ავტორი სტატიაში ყვება, პანდემიამ ბევრი რამ წაგვართვა, თუმცა, შესაძლოა, იგი ყოველდღიური მენტალური პროცესების ზოგიერთი ასპექტის უკეთ გაანალიზებაში დაგვხმარებოდა. ამის მაგალითს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი ჩვენგანი დროის უდიდეს ნაწილს საკუთარ თავთან საუბარში ვატარებთ — იქნება ეს ხმამაღალი საუბარი თუ უბრალოდ გონებაში წარმოთქმული ფრაზები. ავტორი თავისი მეგობრის, კამილის მაგალითს გვიზიარებს, რომლისთვისაც ხმამაღალი საუბრები საკუთარი თავისთვის კამპანიის გაწევის, ან მეტიც — საკუთარი არსებობის დადასტურების საშუალება იყო.

"ხალხი მეუნება, რომ ისინი საკუთარ თავთან საუბრით ცდილობენ, მუშაობისას მძიმე და მარტოსული დღე მიიყვანონ ბოლომდე. სახლიდან მომუშავე ადამიანმა ახსენა, რომ სტრესული სამუშაოს შესრულებისას, როდესაც გარშემო რეალური კოლეგებიც არ ჰყავს დარდის გასაზიარებლად, საკუთარ თავს ესაუბრება ხოლმე", — წერს ავტორი.

ფერნიჰაუს თქმით, ენა მულტიფუნქციური საშუალებაა. ჩვენ მას შეკითხვის დასმისთვის, ბრძანების გაცემისთვის, პატიების სათხოვნელად ვიყენებთ. ის, რასაც მისი საშუალებით სოციალურ სამყაროში ვაკეთებთ, მიღწევადია მარტო ყოფნისასაც, როდესაც საკუთარ თავს მხოლოდ ჩვენვე ვუსმენთ.

ბოლო წლებში საკუთარ თავთან საუბარმა მკვლევრებისგან დიდი ყურადღება მიიქცია. თავთან ხმამაღლა საუბრის ფორმა, რომელსაც პირადი საუბარი ეწოდება, ძირითადად ბავშვებში შეინიშნება — ისინი ამ ფორმას თამაშისას, ან რაიმე დავალების შესრულებისას მიმართავენ. თავთან ჩუმი საუბარი კი — შინაგანი საუბარი არის დიალოგი, რომელიც ბევრ ჩვენგანს საკუთარ თავთან ყოველდღიურად აქვს. მწერალი ამბობს, რომ შინაგანი საუბარი ხმამაღალი საუბრისგან ვითარდება — საუბრის ამ ფორმაზე მაშინ გადავდივართ, როდესაც სხვებთან დიალოგისას ინფორმაციის გაცვლის გათავისებას ვახდენთ. ეს საუბრები თანდათან უფრო მცირდება და შემოკლებული ფორმა ხდება იმისა, რასაც სხვებთან საუბრისას ბოლომდე, გამართული წინადადებების სახით წარმოვთქვამთ.

აქამდე ბევრი მტკიცება გავრცელდა საკუთარ თავთან საუბრის ძალაზე. ბევრმა კვლევამ მისცა ხალხს საკუთარ თავთან საუბრის ინსტრუქცია, შემდეგ კი არასდროს გაუზომია მისი ეფექტი. როდესაც მეცნიერებმა ადამიანებს ჰკითხეს, თუ როგორი იყო მათი შინაგანი საუბრები, ძალიან მრავალფეროვანი პასუხები მიიღეს. როგორც ჩანს, ზოგიერთი ჩვენგანი ამას სულ აკეთებს, სხვები კი საერთოდ არ ესაუბრებიან საკუთარ თავს. გარდა ამისა, ამ საუბრებს ერთმანეთისგან განასხვავებს ის, თუ რამდენად აქვთ მათ დიალოგის ფორმა.

"ისეთი იდუმალი საკითხის შესახებ კარგი მონაცემების მიღება დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ მიმართულებით ახალი მეთოდების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ შინაგანი საუბრების მეცნიერება წინ მიიწევს", — ამბობს ჩარლზ ფერნიჰაუ.

ავტორის განმარტებით, შინაგანი საუბრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ენის საშუალებით პრობლემების გადაჭრაზე ფიქრია. როდესაც სტრესში ვართ, ან რაიმე რთული სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, შინაგანი საუბარი შესაძლოა სრულ დიალოგად იქცეს და ხმამაღალი საუბრის ფორმაც მიიღოს.

"სიტყვებს, რომლებიც მატერიალურ ფორმას იძენენ, გარკვეული ძალა აქვთ — თქვა ფილოსოფოსმა ენდი კლარკმა. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავთან საუბარი ბუნებრივი პასუხია ლოქდაუნის დროს იზოლაციაზე".

სიტყვებით აზროვნება არსებითად სოციალური პროცესია. ჩვენ მუდმივად ვუფიქრდებით სხვადასხვა პერსპექტივებს შინაგან დიალოგებში და შემდეგ პასუხს ვცემთ მათ. როდესაც სოციალური ურთიერთობების ნაკლებობას განვიცდით, რა გასაკვირია, რომ ამის ანაზღაურებას ჩვენ თავთან საუბრით ვცდილობთ.

ის, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენს შინაგან საუბრებში, მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული. ადამიანები არც ისე იშვიათად ამბობენ, რომ მათ საუბარში სხვების ხმაც ისმის — იქნება ეს საყვარელი ადამიანი, რომელიც ცოცხალი აღარაა, წარმოსახვითი მეგობარი თუ სულიერი არსება.

საკუთარ თავთან საუბარს, ბევრ დადებით მხარესთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ისეთ მდგომარეობაში, როგორიც შფოთვა ან დეპრესიაა, საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი შენიშვნების თქმა, შესაძლოა, საზიანო იყოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავთან საუბრისა და მისი ეფექტის შესწავლა მხოლოდ კარგი ამბავი თუ იქნება.

"არ არსებობს ერთი მიზეზიც კი იმისა, თუ რატომ შეიძლება ესაუბრებოდეთ თავს უფრო ხშირად პანდემიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჯერ სიღრმისეულად არაა შესწავლილი, გარკვეული ფაქტორები გვაფიქრებინებს, რომ ლოქდაუნის დროს პირადი საუბრები უბრალოდ ხმამაღალი ვერსიაა იმისა, რასაც აქამდე ისედაც ვაკეთებდით ჩუმად, შინაგანი საუბრების სახით. შესაძლოა, ასე იმიტომ ვიქცევით, რომ ეს ძალიან სახალისო და კომფორტულია", — ამბობს ავტორი.