საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის შესაცვლელად, რომელიც 5 და 6 ივლისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჩამოხსნეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 159 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ პარლამენტისგან გამოითხოვა.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ პარლამენტის შენობის წინ აღმართული დროშა ორჯერ არ შეცვლილა. მათი თქმით, 5 ივლისს დროშა არ დაზიანებულა, ამიტომ იგივე დაამაგრეს. 159 ლარი კი 6 ივლისს განადგურებული დროშის შეცვლისთვის დაიხარჯა.

ჯერჯერობით, უცნობია დროშის ორჯერ ჩამოხსნისთვის პოლიციამ დააკავა თუ არა ვინმე, ან დაიწყო თუ არა გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარს გაარკვევენ და გაგვაგებინებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 343). ამ დანაშაულისთვის განსაზღვრულია ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

კანონმდებლობაში ამგვარი ჩანაწერი ევროკავშირის ან სხვა დროშებზე არ არსებობს.

ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ არასახელმწიფო და სხვა ქვეყნის სიმბოლოების დაცვასთან დაკავშირებით კანონში ხარვეზია, რისი გამოსწორებაც აუცილებელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში გამოძიება მინიმუმ ნივთის დაზიანების მუხლით უნდა დაიწყოს, რადგან დროშა სახელმწიფოს კუთვნილებაა.

საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოს თამარ ბოჭორიშვილის განმარტებით, თუკი ზარალი 150 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყება, რაც სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5 და 6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის ჰომოფობიურმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ საქართველოს დროშის გვერდით აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს. 5 ივლის დროშის ადგილზე ჯვარი აღმართეს.

მეორე დღეს ევროკავშირის დროშა ისევ ადგილზე იყო, მაგრამ აღმართვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 6 ივლისს დროშა ჰომოფობიურმა ძალებმა ისევ ჩამოხსნეს და დახიეს. მეორე დღეს კი ევროკავშირის დროშა პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ დააბრუნა ადგილზე.