დეპუტატი დავით ბაქრაძე უერთდება კოლეგების ბოიკოტს და აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია პარლამენტის დარბაზში ნებისმიერ სხვა საკითხზე საუბარი, გარდა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძებისა.

"წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ დღეს, ამ ფონზე, როდესაც, არათუ არ არის გამოძიებული და არ არიან დასჯილი დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავად ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი თავის მკვლელობა, ამ ფონზე წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ვუერთდები პოლიტიკური ბოიკოტის იმ რეჟიმს, რომელიც გუშინ ჩემმა კოლეგებმა გამოაცხადეს პარლამენტში", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ჯერ არ ჰქონია კონსულტაციები კოლეგა დეპუტატებთან და დეტალების დაზუსტების შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.

გუშინ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და კონსტიტუციის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

გაიგე მეტი: