საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ელჩები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, "განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, აიღოს ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა". მან ამის შესახებ გუშინ შსს-ში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ დაპოსტა.

"ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო", — წერს ის.

შსს-ში დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა თბილისში 5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის და შემდეგ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გაიმართა. ძალადობის შედეგად ათობით ჟურალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლსს გარდაიცვალა.

5 ივლიის ძალადობრივ კონტრაქციაზე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ მედიამ საპროტესტო აქცია გამართა და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ დღეს ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა.

იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.

პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-მ დღეს, 12 ივლისს, გაავრცელა განცხადება, რომ ლაშქარავას ცემისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 — TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.