კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირაკლი აბსანძეს ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • მედიაკლუბი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მედიის უფლებები.

12 ივლისს ქართულ ოცნებასთან გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე დააკავეს. უცნობია, რას ედავებიან მას.

აბსანძე ბოლო ორი დღეა აქციებში მონაწილეობს, სადაც 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ პრემიერმინისტრტმა ღარიბაშვილმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან აქციაზე დღეს ადმინისტრაციული წესით 12 ადამიანი დააკავეს. მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფაქტებს გასცდნენ. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება კვერცხების სროლა ქართული ოცნების მიმართულებით და ასევე, წითელი საღებავების შესხმა პოლიციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საღამოს, როცა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად ესხმოდა თავს ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, პოლიციამ მხოლოდ 8 ადამიანი დააკავა. სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებების შესახებ მხოლოდ მეორე დილას გავიგეთ, თუმცა ყველა დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.

ქართული ოცნების ოფისთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქიტივსტებმა "ოცნების" შენობას კვერცხები ესროლეს და სტენსილების გაკეთბა სცადეს. ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტების თქმით, პოლიცია მედიასა და აქტივისტებს მიაწვა და ტერიტორია ასე გაათავისუფლა.

პარლამენტიდან ქართული ოცების ოფისთან აქციამ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის საქმეზე. უწყება შუალედურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა ზედოზირებით გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქართულ ოცნებასთან აქცია დასრულებულია.