მალალა იუსაფზაი ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ადამიანთაგან, რომელიც, მცირე ასაკის მიუხედავად, შთამაგონებელი ცხოვრებით საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, მისაბაძ მაგალითად იქცა.

2009 წელს, მაშინ, როცა მალალა მხოლოდ 11 წლის იყო, ბლოგერი გახდა და BBC-სთვის გოგოების განათლების საჭიროებაზე წერა დაიწყო. ცოტა ხანში, როცა პაკისტანის თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტულმა ორგანიზაციამ გოგოების სკოლაში სიარული აკრძალა, მალალამ თალიბანის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. ხმის ამაღლება მას თავში ნასროლ ტყვიად დაუჯდა, თუმცა, ამას იგი არ შეუშინებია და ბრძოლა განაგრძო. შეუპოვრობისთვის მალალამ ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში და პრიზის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. თუმცა, მებრძოლმა გოგომ მსოფლიოსთვის უფრო მეტი გაიღო, ვიდრე ამის დაფასება პრიზით შეიძლება.

1. "თუკი ხმას არ აიმაღლებ, შენსას ვერც ვერავინ გაიგებს"

მალალა თავის მე-16 დაბადების დღეზე (12 ივლისს, რომელიც "მალალას დღედაა" დაწესებული) სიტყვით გამოდის გაეროში.

ფოტო: Stan Honda / AFP / Getty Images

ხმის ამაღლების მნიშვნელობაზე მალალას არაერთხელ უსაუბრია. თავადაც ხომ ასე მოიქცა, როცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა და სასწორის პინაზე მისი სიცოცხლე დაიდო. "ჩვენი ხმის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა გვაჩუმებენო", — აღნიშნა მან ერთხელ.

სიმართლისთვის ბრძოლა, მათ შორის ვერბალურად, ნამდვილად ღირს. და კვლავაც მალალას სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ მომენტში, როცა გაჩუმებასა და ხმის ამაღლებას შორის გვიხდება არჩევანის გაკეთება, ვხვდებით, რატომ არის აუცილებელი, რომ სამყაროს თუ არა, მცირედის შესაცვლელად მაინც გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

2. "თუ გეშინია, წინ ვერ წახვალ"

მალალა სკოლიდან მოტაცებულ და შემდეგ ტყვეობიდან გაქცეულ ნიგერიელ გოგოებთან ერთად 2014 წელს.

ფოტო: AP

მიზანდასახულობა რომ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მალალამ. იგი საკუთარ თავს "თავდადებულ და ჯიუტ" ადამიანად მიიჩნევს, რომელსაც სურს, "ყოველ ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა, ყოველ ქალს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და დედამიწის ყოველ კუთხეში მშვიდობა იყოს".

"საკუთარ თავს ვუთხარი, მალალა, შენ სიკვდილს უკვე ჩახედე თვალებში. ახლა ეს შენი მეორე სიცოცხლეა. ნუ შეგეშინდება — თუ გეშინია, წინ ვერ წახვალ".

მიუხედავად იმ შიშისა, რაც წესით უნდა დაუფლებოდა, როცა მისი მისამართით სიკვდილის მუქარები ისმოდა, მალალას წინსვლა არ შეუწყვეტია. მისმა სიმამაცემ უამრავი ადამიანი შთააგონა და უთხრა, რომ ბრძოლას, მათ შორის ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ყოველთვის აქვს აზრი, რადგან ეს მოგებული ბრძოლაა.

3. ცოდნა ძალაა

მალალა კითხულობს წიგნს საავადმყოფოში მკურნალობის დროს.

ფოტო: Getty Images

ცხადია, მალალა უპირველესად თანასწორობისათვის იბრძოდა, თუმცა, მოტივი ამ ყველაფრისა ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა იყო. გოგო, რომელსაც სწავლის სურვილისთვის ტყვია ესროლეს და რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტი 2020 წელს დაამთავრა, ყოველთვის მოწადინებული იყო განათლების მისაღებადაც და მის გასავრცელებლადაც.

"ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ კალამსა და ერთ წიგნს სამყაროს შეცვლა შეუძლია".

აფრიკის, ლათინური ამერიკისა და განვითარებადი აზიის არაერთ ქვეყანაში განათლების მიმართულებით დაფინანსება რომ მცირდებოდა და მეტიც — გოგოებს სკოლებს ატოვებინებდნენ — ამაზე მალალამ ერთ-ერთმა პირველმა ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ განათლება "არც დასავლურია და არც აღმოსავლური; ეს ადამიანურია".

4. არასდროს დაეჭვდე საკუთარ შესაძლებლობებში

მალალა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრ გორდონ ბრაუნთან ერთად, როცა 2013 წელს ედინბურგის უნივერსიტეტისგან საპატიო მაგისტრის წოდება მიიღო.

ფოტო: Andy Buchanan / AFP

ჩვენ ყველანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობთ და ვვითარდებით, შესაბამისად, შეუძლებელია, რომელიმე ეტაპზე ნაკლოვანებები არ გაგვაჩნდეს. მალალაც სწორედ იმას ამბობს, ცხოვრებაში ყველა ვუშვებთ შეცდომას, მთავარია, რას ვსწავლობთ მისგანო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საკუთარი თავი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, თუმცა, ამან არ დაგვაეჭვოს შესაძლებლობებში.

"ზოგი ადამიანი მხოლოდ სხვებს სთხოვს რაღაცის გაკეთებას. რატომ უნდა დავალოდო სხვას? რატომ არ შემიძლია ნაბიჯის გადადგმა და წინ წასვლა?"

მალალა იმასაც ამბობს, რომ როცა მთელი მსოფლიო დუმს, ერთი ხმაც კი ძლიერი ხდება. 7 მილიარდ ადამიანში ყოველი ინდივიდი განსხვავებული და უნიკალურია, ამიტომ ყოველ მათგანს შეუძლია სამყარო შეცვალოს.

"წამითაც კი არასდროს დაეჭვდეთ, რომ ცვლილების მოხდენის ძალა შეგწევთ", — მოუწოდებს ახალგაზრდებს ნობელის ლაურეატი.

"დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: 'სახე დაიფარე, ხალხის გიყურებს'. მე კი ვპასუხობდი: 'აი, დარდი. მეც ვუყურებ მათ'".

"იმის მიზეზი, რომ სკოლის გარეშე დარჩენილი 130 მილიონი გოგოსთვის ავიმაღლე ხმა, ისაა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ".

5. გაბედე ოცნება და არასდროს დანებდე

მალალა იღებს ნობელის პრემიას 2014 წელს.

ფოტო: AFP / Getty Images

შეუპოვრობაზე და სიმხნევის დატვირთვაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ოცნებას და მისკენ სწრაფვას, განსაკუთრებით, მაშინ, როცა მეოცნებე ერთი არაფრით გამორჩეული, უპერსპექტივოდ მიჩნეული ჩაგრული ახალგაზრდაა.

"დაე, ახლავე შევქმნათ ჩვენი მომავალი. დაე, ჩვენი დღევანდელი ოცნებები ხვალინდელ რეალობად იქცეს".

ოცნებების რეალობად ქცევაში კი, ზემოთ ჩამოთვლილ გაკვეთილებთან ერთად, ორი რამის გათვალისწინებაა მთავარი: მიზნების დასახვა და თავდაჯერებულობა.

"თუკი მიზნის მიღწევა გვსურს, მაშინ, მოდით, საკუთარი თავი ცოდნის იარაღით გავაძლიეროთ, შემდეგ კი ის ერთიანობით დავიცვათ".

არდანებება და თავდაჯერებულობა კი, რასაკვირველია, ერთმანეთს უკავშირდება. მალალა ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ არაფრის და არავის გულისთვის არ დანებდნენ და ყოველთვის ეძებონ მოტივაცია, რომ შინაგანი ცეცხლით აღივსონ; გარშემო შემოიკრიბონ ადამიანები და იდეები, რომლებიც წინსვლისკენ უბიძგებთ და საკუთარი თავის გაამხნევონ, რათა იმედი არასდროს დაკარგონ.

იმედი — კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც მალალამ ახალი მნიშვნელობა და შესძინა. პაკისტანელი გოგო მას ბევრ რამეს უკავშირებს, თუმცა, ამბობს, რომ ერთიანობა ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესია. საკუთარი ავტობიოგრაფიის მიძღვნაშიც ხომ იმას აღნიშნავს, რომ "ერთად დგომით ჩვენს ხმას გავაგონებთ".