პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. უმრავლესობის მხარდაჭერა იმ კანდიდატებმა მოიპოვეს, რომელთა დაკავშირებითაც სამართლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კითხვები აქვთ მათ კავშირებზე ე.წ. სასამართლო კლანთან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იურიდიულ კომიტეტზე და კენჭისყრას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ოპოზიიდან მხოლოდ მოქალაქეები, ევროპელი სოციალისტები და საქართველოსთვის წევრები ესწრებოდნენ.

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში დანიშნა:

  1. რევაზ ნადარაია;
  2. ბიძინა სტურუა;
  3. ლაშა ქოჩიაშვილი;
  4. ლევან თევზაძე;
  5. გიორგი გოგიაშვილი;
  6. გოჩა აბუსერიძე.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს:

  1. ეკა ზარნაძე;
  2. ქეთევან მესხიშვილი;
  3. გიორგი შავლიაშვილი.

კენჭისყრამდე მოქალაქეების წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რომ იურიდიულმა კომიტეტმა "მხარი არ დაუჭირა ღირსეულ კანდიდატებს", მათ შორის, ქალ კანდიდატებს და აღნიშნა, რომ ამის გამო ის, "თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს". თუმცა, სესიაზე უმრავლესობამ ეს კანდიდატები მაინც ჩააგდო.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა არც სახალხო დამცველი.

19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა. მმართველ პარტიაში კი აცხადებდნენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვთ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებდნენ.

გაიგე მეტი: