ყინულის ელასტიკური მიკრობოჭკოები

ჩინელმა მეცნიერებმა ყინულის თხელი ბოჭკოების შექმნა შეძლეს, რომელთა მოღუნვა თუ დაგრეხა თავისუფლადაა შესაძლებელი.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომსა და მიგნებებზე დაყრდნობით, ისინი ამას "ყინულის ელასტიკურ მიკრობოჭკოებს" უწოდებენ. მყიფე ბუნების ქონისა და წნევის ქვეშ დამტვრევის ნაცვლად, ყინული მავთულივით იღუნება და დაუჯერებლადაც გამოიყურება.

დრეკადი ყინულის დამზადება

Gizmodo-ის მიხედვით, ყინულის დასამზადებლად მეცნიერებმა წყლის ორთქლი პატარა კამერაში გადაიტანეს, რომელიც თხევადი აზოტის საშუალებით გააცივეს.

შემდეგ მკვლევრებმა კამერის შიგნით ვოლფრამის დაელექტროებული ქინძისთავი მოათავსეს და 2000 ვოლტით დამუხტეს, რამაც წყლის ორთქლის მიზიდვა განაპირობა და ნელ-ნელა ყინულოვანი მიკრობოჭკოები ჩამოაყალიბა.

შემდეგ გუნდმა კამერის ტემპერატურა -57-დან -150 გრადუსამდე ცვალა და აღმოაჩინა, რომ მიკრობოჭკოები მეტისმეტად დრეკადი ყველაზე დაბალ ტემპერატურულ მდგომარეობებში ხდებოდა.

გამოყენების შესაძლო სფერო

გარდა აღმოჩენის გასაოცარი და საინტერესო ბუნებისა, მეცნიერებს სჯერათ, რომ მიკრობოჭკოების გამოყენება სინათლის გადასაცემად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მსგავსად იქნება შესაძლებელი.

"მათ შეუძლიათ სინათლეს ერთიდან მეორე მხარისაკენ გაუძღვნენ", — უთხრა New York Times-ს დრეკადი ყინულის შემქმნელი გუნდის წევრმა და ჩინეთის ჟეჟიანის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ლაიმინ ტონგმა.

გუნდს ასევე სჯერა, რომ მიკრობოჭკოები დაბინძურების აღმომჩენი სენსორების შესაქმნელადაც შეიძლება გამოიყენონ, ვინაიდან ჭვარტლის მსგავსი ნაწილაკები ყინულს ეკრობა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ, თუ როგორ მოძრაობს სინათლე მიკრობოჭკოს გავლით, რაც დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გამოადგებათ იმის შესახებ, თუ რა რაოდენობით და რა ტიპის დაბინძურებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე კონკრეტულ რეგიონში.

"დრეკადი ყინულის ბოჭკოების აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა, ყინულის ფიზიკა და ყინულთან დაკავშირებული ტექნოლოგიები მიკრო და ნანომეტრულ სკალებზე შეისწავლონ", — იუწყება ნაშრომი.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენას პირდაპირი პრაქტიკული გამოყენება ჯერ არ აქვს, მისი წინსვლა კვლავაც უაღრესად საინტერესოა და გვიჩვენებს, რომ ფიზიკას კვლავ შეუძლია ახალი გზებით გაგვაოცოს.