პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არასახელმწიფო და სხვა ქვეყნის სიმბოლოების დაცვასთან დაკავშირებით კანონში ხარვეზია, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. ასე უპასუხა მან სალომე სამადაშვილის კრიტიკას ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევორკავშირის დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით.

ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის წარმომადგენელმა, სამადაშვილმა, კუჭავას უთხრა, რომ მისთვის "თავზე დახეული დროშის" აღმართვა საკმარისი არ არის.

"თავზე დაგახიეს ევროკავშირის დროშა და თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც დაგეშა და ჟურნალისტებზე სანადიროდ მიუშვა მოძალადე ჯგუფები. თქვენი პრემიერი ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ემუქრება ყველას, ვისაც თავისუფალი აზრი გვაქვს", — განაცხადა სამადაშვილმა.

საპასუხოდ კი კუჭავამ განაცხადა, რომ დანაშაული ხდება ყველგან და ევროკავშირის დროშას სხვა ქვეყნებშიც წვავენ. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს პარლამენტი არსებული ხარვეზის გამოსწორებას.

"სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის არჩევანს და კონსტიტუციით არის განსაზღვრული... აჯობებს ამაზე ვიმსჯელოთ და არა იმაზე ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაახია დროშა თავზე", — განაცხადა კუჭავამ.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის ფომოფობიურმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ საქართველოს დროშის გვერდით აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დაწვეს. 5 ივლიის ამ დროშის ადგილზე ჯვარი აღმართეს. მეორე დღეს ევროკავშირის დროშა ისევ ადგილზე იყო, მაგრამ აღმართვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 6 ივლისს დროშა ჰომოფობიურმა ძალებმა ისევ ჩამოხსნეს და დახიეს. მეორე დღეს კი ევროკავშირის დროშა პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ დააბრუნა ადგილზე და პარლამენტმა სათანადო კადრებიც გაავრცელა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, დღეს მოქმედი ნორმით სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 343). ამ დანაშაულისთვის განსაზღვრულია ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.