პაშა ბანკმა საქართველომ სასტუმრო "პარკ ჰოტელის" მშენებლობა სრულად დააფინანსა. წინანდლის ისტორიულ მამულში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "პარკ ჰოტელი" 2019 წელს სილქროუდ ჯგუფმა გახსნა. სასტუმრო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობს.

თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული სასტუმრო, წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელიცაა. შესაბამისად, "პარკ ჰოტელის" კონცეფციად სწორედ მუსიკა, ქუჩის მხატვრობა, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი შეირჩა.

"პარკ ჰოტელი" ჭავჭავაძეების სასახლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროა, რომელსაც გარშემო მრავალსაუკუნოვანი ხეებით გაშენებული პარკი აკრავს. სასტუმროს ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა — თამარ ვალიშვილმა იმუშავა. სასტუმროს გარკვეული ნაწილის კედლების მოხატვაზე ქართველმა მხატვარმა ქეთი დავლიანიძემ იზრუნა. ინტერიერის მოხატვაში ასევე ჩართული იყო მხატვარი გიორგი ქაცარავა. მისი მთავარი მიზანი იყო თითოეულ ნომერში განსხვავებული კედლის შექმნა, რომელიც რაღაც ფორმით ქუჩის მხატვრობას და მუსიკას გააერთიანებდა. მან განვლილი საუკუნის კლასიკოსების პორტრეტები ქუჩის მხატვრობის თანამედროვე ხასიათთან თანხვედრაში მოიყვანა.

წინანდალი კახეთში, თელავის რაიონში მდებარე სოფელია, რომლის დიდი ნაწილიც საუკუნეების განმავლობაში ჭავჭავაძეების საკუთრება იყო. ჭავჭავაძეების სასახლე დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ის მრავალი ფესტივალისა თუ კულტურული ღონისძიების მასპინძელია.

"დიდი სიამოვნებით ვაგრძელებთ პაშა ბანკთან თანამშრომლობას, რომელიც გვერდში გვედგა ძალიან წარმატებული სასტუმროს — "პარკ ჰოტელ წინანდლის მამულის" შექმნაში. ჩვენი საერთო ინიციატივის საფუძველი არის სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარება. "პარკ ჰოტელი" არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ხედვისაკენ, რომელიც ემსახურება რეგიონალური მხარეების პოზიციონირებას, როგორც ხარისხიანი ტურისტული ლოკაცია. ასევე, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა იორდი ქუითიმ, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელმა დირექტორმა.

"ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი კომპონენტია. მოხარულები ვართ, რომ პაშა ბანკს მიეცა საშუალება წვლილი შეეტანა ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროს განვითარებაში. "პარკ ჰოტელი" ნამდვილად გამორჩეული პროექტია, რომელიც გახსნის დღიდან ძალიან წარმატებულად ასრულებს დასახულ მიზნებს. პაშა ბანკი მხარს უჭერს ბიზნეს გარემოს განვითარებას საქართველოში და იმედი მაქვს, მომავალშიც შევძლებთ წარმატებულად განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს", — განაცხადა ზვიად ქაჯაიამ, კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.