ვისაც საშინელებათა ჟანრი და მძაფრი შეგრძნებები იზიდავს, ახალი საოცნებო დანიშნულების ადგილი გამოუჩნდა.

Universal Studios 3 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ფლორიდის ქალაქ ორლანდოში საჰელოუინოდ ყველაზე საშიში საღამოების მოწყობას აპირებს: ნეტფლიქსის ცნობილი სერიალის The Haunting of Hill House (ჰილჰაუსის მოჩვენება) მიხედვით ახალი ატრაქციონი შეიქმნა, რომელიც ამ შოუში ნაჩვენები საზარელი სახლის ანალოგში მოგზაურობას სთავაზობს სტუმრებს.

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, ის გამოსცადოს, რაც ჰილჰაუსის მოჩვენების პერსონაჟებმა გამოიარეს.

"შიგნით ნუ შეხვალ, თორემ უკან ვეღარ დაბრუნდები", — გვეუბნებიან ამ ახალი ატრაქციონის სარეკლამო რგოლში.

ლაბირინთის ტიპის ეს ერთგვარი საშიში ოთახები თითქმის დეტალურად აღადგენს სერიალის ინტერიერს, ამავდროულად იქ ის "პარანორმალური მოვლენებიც" ვითარდება, რაც ერთგულ მაყურებლებს ეკრანებზე უნახავთ უკვე: მასში ისეთი საშიში მოჩვენებები ბუდობენ, როგორიც "მაღალი კაცი", "სარდაფის მოჩვენება" და "კისერმოღრეცილი ქალია".

ფოტო: UNIVERSAL STUDIOS

ჰილჰაუსის მოჩვენება 2018 წელს გამოვიდა და მალევე უამრავი მაყურებლის გული მოიგო, რომელთაც შოუ საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარეს. ანთოლოგიის ტიპის ეს სერიალი 2020 წელს მეორე სეზონით დაბრუნდა, რომელმაც ასევე დაიმსახურა დადებითი შეფასებები.