ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე კონკრეტულმა პირებმა "გადაწყვიტეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა".

"გუშინ განვითარებული მოვლენები წარიმართა არასწორი მიმართულებით. ეს არის ძალიან რბილი შეფასება. გუშინ დილიდანვე იცოდნენ კონკრეტულმა პირებმა რაშიც იყო საქმე და ამის მიუხედავად, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის ამორალური ქმედება. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება ჰქონდეს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტები კობახიძეს რამდენჯერმე ჩაეკითხნენ, რაში იყო საქმე, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ყველა კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ "საზოგადოებამ უკვე იცის რაშიც იყო საქმე".

"რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ალბათ, დღეს საღამოს, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა", — განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი პათოსი ჰქონდა დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 11 ივლისს, პარლამენტის წინ შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ღარიბაშილის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და დრო 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს. ულტიმატუმის დროის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, თუმცა გადადგომის ნაცვლად ამ მოთხოვნის "პოლიტიკურ სარჩულზე" ისაუბრა.

ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა, სადაც მისი გადაადგილების კადრები აჩვენეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მამაკა ჭელიძის განმარტებით, კადრებს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს. ჭელიძემ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძების მხრიდან წინასწარ ვერსიებზე საუბარი არასწორია, თუმცა მაინც თქვა რომ განიხილება ზედოზირების ვერსიაც.

5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ოთხმა ტელევიზიამ — TV პირველმა, ფორმულამ, მთავარმა არხმა და კავკასიამ — პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და მოსახლეობას პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ 70-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოითხოვა.

აქციაზე, სადაც ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას კოლეგები — სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები — იდგნენ, ღარიბაშვილის მთავრობას დრო 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს.

გაიგე მეტი: