ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანას გაზრდილი მოხმარება გარკვეულწილად მაინც არის დაკავშირებული ახალგაზრდებში სუიციდური აზრებისა და თვითმკვლელობის მცდელობის მატებასთან.

საინტერესოა, რომ ნარკომანიის ეროვნული ინსტიტუტის (NIDA) მიერ ჟურნალ JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს კორელაცია იმ ახალგაზრდებშიც შეინიშნებოდა, რომლებიც მძიმე დეპრესიასაც კი არ განიცდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ბოლომდე ვერ ცხადყოფს კავშირს მარიხუანას გაზრდილ მოხმარებასა და სუიციდურ ფიქრებსა თუ სუიციდის მცდელობებს შორის, მასში ნამდვილად იკვეთება შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც ექიმებისა და მეცნიერების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 18-დან 35 წლამდე 280 000 ადამიანის მიერ მოწოდებული მონაცემები შეისწავლეს. როგორც CNN აღნიშნავს, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც გასულ წლებში მძიმე დეპრესია ჰქონდათ, მონაწილეებში, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდნენ მარიხუანას, ბევრად მაღალი იყო სუიციდური აზრების ქონის ალბათობა, ვიდრე მათში, რომლებიც იშვიათად, ან საერთოდ არ მოიხმარდნენ მას.

ასევე აღმოჩნდა, რომ სუიციდური აზრების თუ სუიციდის მცდელობის რისკი ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში. თუმცა, როგორც ავტორებმა CNN-ს განუცხადეს, კვლევის სტრუქტურის გამო ამ კავშირის ახსნა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ მათი შრომა ექიმებს რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებზე ზრუნვაში დაეხმარება.

"აშშ-ის ახალგაზრდებში სუიციდი სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვთავაზობს, რომელიც, შესაძლოა, სუიციდის რისკის შემცირებაში დაგვეხმაროს", — ამბობს რელიზში კვლევის ხელმძღვანელი და NIDA-ის მკვლევარი, ბეთ ჰენი. "დეპრესია და კანაფის მოხმარების აშლილობა განკურნებადია. სუიციდის მაჩვენებელსა და სხვადასხვა რისკ ფაქტორებს შორის კავშირის შესწავლით კი, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სუიციდის პრევენციის ახალი გზების შეთავაზებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალ რისკის ქვეშ არიან".