კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და მოითხოვენ, რომ პრემიერმინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა. ასევე, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება.

კოალიცია მწუხარებას გამოთქვამენ TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და კოლეგებს. მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებინ აცხადებენ, რომ მაღალია ალბათობა, რომ ლაშქარავა სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

"გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება", — წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი — IDFI;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • მედიაკლუბი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მედიის უფლებები;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი — AB;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება — ISFED;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — GYLA;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — GDI;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია — GRMA;
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF.

მსგსავსი მოწოდებები გაავრცელეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, სამოქალაქო სექტორმა და პოლიტიკოსებმა.

ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.

ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.

იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.

"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — განაცხადა აკაკი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე.

"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — უთხრა მოსამართლეს თორნიკე დავლაშელიძემ.

პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

გაიგე მეტი: