მიტროპოლიტი იოანე ჟურნალისტს ისევ დაემუქრა და ისევ ფიზიკური ძალადობით. კითხვების დასასმელად მისულ მთავარი არხის ჟურნალისტს მან უთხრა: "შენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება, თუ არ დაისვენებ".

ფაქტის ამსახველ ვიდეოფრაგმენტს რამდენიმე მედია ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტები იოანეს მანქანასთან დგანან და კითხვების დასმას ცდილობდნენ, ის კი მოუწოდებს მათ, რომ მოუსმინონ და განერიდონ. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კითხვები სწორედ მოსმენილის გამო უჩნდებათ, იოანე მას ხელს უქნევს, აჩერებს და ამ ძალადობრივი ფრაზით პასუხობს.

"ენ უკვე მოგხვდა ერთხელ და კიდევ მოგხვდება, თუ არ დაისვენებ. შენ გამოიყვანე წყობიდან მეუფე?! არა? ეს შენ ფიქრობ ასე" — უთხრა მიტროპოლიტმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელსაც ადრე სხვა მიტროპოლიტი დაესხა თავს.

5 ივლისს სასულიერო პირების, საპატრიარქოს და ძალადობრივი პრორუსული ჯგუფების ორგანიზებულ აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მეუფე იოანე ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც მაშინ რუსთაველზე იდგა, როცა ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. ის ამტკიცებდა, რომ 5 ივლისს ფორმულას ჟურნალისტმა, რატი წვერავამ "საროჩკა" თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

"საოცარია, ეუბნები იმას, რომ აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ მოვიდე. არა, გთხოვ, ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის. არა, აქ მინდა მოვიდე. გაჰყავთ, რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო და წიხლებს იყრევინება. უარესს იწვევს აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, რომ 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. გამოგაგდეს, წადი აქედან. "საროჩკა" სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო? შენთან ერთად ვლნაძღო გარშემო ხალხი თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებაში ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას?", — ამბობს მიტროპოლიტი.